თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თრომბოემბოლიის გამოკვლევის შესახებ პაკეტი კოვიდსასტუმროებში მოთავსებული პაციენტებისთვის უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თრომბოემბოლიის გამოკვლევის თაობაზე პაკეტი კოვიდსასტუმროებში მოთავსებული პაციენტებისთვის უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.
„პაკეტი ჩვენ შევიტანეთ ჯანდაცვის სამინისტროში, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ეს დაკავშირებულია სერიოზულ ორგანიზაციულ ღონისძიებებთან და ხარჯებთან. ნორმატიული დოკუმენტების მუშავდება. რამდენიმე დღეში ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ სასტუმროში მოთავსებული პაციენტებისთვის, ჯერჯერობით ბინაზე არა, რადგან ის პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მაღალი რისკი თრომბოემბოლიური გართულების შესაძლო განვითარებაზე, მაინც სასტუმროში იქნებიან მოთავსებული და არა – ბინაზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვინ განეკუთვნება მძიმე და მსუბუქ შემთხვევებს.
„აქ ძალიან მკაფიო განმარტებებია. უსიმპტომო ჰქვია პაციენტს, რომელსაც არავითარი სიმპტომები არ აქვს. მსუბუქი ჰქვია პაციენტს, რომელსაც აქვს რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, იქნება ეს ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, თუ სხვა, მაგრამ არ აქვს პნევმონია – ეს არის მსუბუქი პაციენტი. საშუალო სიმძიმის პაციენტი ჰქვია პაციენტს, რომელსაც აქვს რესპირაციული სიმპტომებიც და პნევმონიაც, მაგრამ არა მძიმე პნევმონია, ანუ ფილტვის დაზიანება არ აღემატება 50 პროცენტს და სუნთქვის უკმარისობა არ აქვს. მძიმე პაციენტი ჰქვია იმას, ვისაც აქვს მძიმე რესპირაციული ინფექცია, მძიმე პნევმონია, როცა დაზიანებულია ფილტვის 50 პროცენტზე მეტი ან პაციენტს აქვს სეფსისი. ასეთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სუნთქვის უკმარისობა, შეიძლება – არა. ბოლოს არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი. ეს არის პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება მართვითი სუნთქვა. მართვითი სუნთქვა შეიძლება იყოს ინტუბაციის გარეშე, ინვაზიური ინტუბაციით ან არაინვაზიური ინტუბაციის გარეშე. ამგვარი მართვითი სუნთქვა პაციენტს შეიძლება დასჭირდეს მძიმე პნევმონიის, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომის გამო, სეფსისის და სეფტიური შოკის, პოლიორგანული უკმარისობის გამო. ეს არის ხუთ საფეხურიანი გრადაცია – უსიმპტომო პაციენტი, მსუბუქი, საშუალო, მძიმე და კრიტიკულად მძიმე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.