თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სოლიდარობის კვლევაში კორონავირუსით ინფიცირებულები საქართველოში დღეს პირველად ჩაერთვნენ
საქართველოში ორი მედიკამენტის – „ლოპინავირ-რიტონავირისა“ და „ინტერფერონის“ საკმარისი მარაგია ჩამოსული და სოლიდარობის კვლევაში კორონავირუსით ინფიცირებულები დღეს პირველად ჩაერთვნენ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, სოლიდარობის კვლევაში ჩაერთვება ყველა, ვინც საჭიროა, მაგრამ, როგორც ცერცვაძე ამბობს, სოლიდარობის კვლევა მსუბუქი პაციენტების მონაწილეობას არ ითვალისწინებს. ცერცვაძის თქმით, კვლევაში ერთვებიან მხოლოდ მძიმე და კრიტიკული პაციენტები და საქართველოში ასეთი პაციენტები ცოტაა.
რაც შეეხება „რემდესივირს“, ცერცვაძის ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატი დეფიციტურია და ჯერ საქართველოში არ ჩამოსულა. მისივე თქმით, „რემდესივირის“ საკმარისი რაოდენობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც ვერ მოიპოვა, რომ სოლიდარობის კვლევაში მონაწილე ქვეყნებს დაურიგოს.
„ახლახან ჩამოგვივიდა ორი მედიკამენტი „ლოპინავირ-რიტონავირი“ და „ინტერფერონი“. კიდევ ველოდებით „რემდესივირს“. „რემდესივირი“ ჯერაც არ ჩამოსულა, რადგან თქვენ იცით, ეს ყველაზე იმედის მომცემ მედიკამენტად ითვლება, თუმცა მთელმა რიგმა კვლევებმა ეს არ დაადასტურა. მაინც ითვლება ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტად და პრაქტიკულად, მთელი მარაგი, რაც ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ აწარმოა, დატაცებულია. ჯანმო-მაც კი ვერ მოიპოვა საკმარისი რაოდენობა, რომ სოლიდარობის კვლევაში მონაწილე ქვეყნებს დაურიგოს. გვპირდებიან, რომ დაგვირიგებენ. ჯერ „ლოპინავირ-რიტონავირის“ და „ინტერფერონის“ საკმარისი მარაგია ჩამოსული, ეს მარაგი უკვე გაანაწილა სამინისტრომ. დღეს პირველად ჩაერთნენ ავადმყოფები ამ კვლევაში. ჯერ სულ ორი, თუ სამი პაციენტია ჩართული, თუმცა შეზღუდული მათი რაოდენობა არ იქნება. ჩვენ ჯანმო გვეუბნება, რომ რამდენსაც ჩართავთ, იმდენ მედიკამენტს მოგაწვდითო. ჩაერთვება ყველა, ვინც საჭიროა, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, მსუბუქ პაციენტს არ სჭირდებათ მკურნალობა და არ ითვალისწინებს სოლიდარობის კვლევა მსუბუქი პაციენტების მონაწილეობას, მხოლოდ მძიმე და კრიტიკული, ასეთი კი ცოტა გვყავს. ასე რომ. იმედი მაქვს. ბევრი არ ჩაერთვება, მაგრამ ვინც გვეყოლება. ყველა ჩაერთვება“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.