თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სასტუმრო საკარანტინო ფუნქციების გარდა, სამკურნალო დაწესებულების როლსაც შეასრულებს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების როლი გაძლიერდება და სასტუმრო საკარანტინო ფუნქციების გარდა, სამკურნალო დაწესებულების როლსაც შეასრულებს.
კერძოდ, როგორც ცერცვაძე განმარტავს, ბინაზე დარჩებიან აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტები, ხოლო სასტუმროში მოთავსდებიან ისეთი ინფიცირებულები, რომლებიც ჰოსპიტალიზებას არ საჭიროებენ, თუმცა გარკვეული რისკის ფაქტორები არსებობს და სამედიცინო დაკვირვება აუცილებელია.
„გაძლიერდება სასტუმროების როლი. თუ აქამდე სასტუმროები ერთგვარად ბინის ექვივალენტის როლს ასრულებდნენ, ანუ ბინაში და სასტუმროებში პაციენტების განაწილება ხდებოდა იმის გათვალისწინებით, ვის არ ჰქონდა პირობები ბინაში თვითიზოლაციის, პაციენტები ამიტომ მიჰყავდათ სასტუმროში. ახლა კი სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის, არა მარტო იზოლაციის მაჩვენებლით, არამედ მოვლისა და მკურნალობის მაჩვენებლითაც. სასტუმროში გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად. სასტუმრო გახდება რაღაც საშუალო ბინასა და საავადმყოფოს შორის, სადაც პაციენტს ჩაუტარდება გამოკვლევებიც და თუ საჭიროა, მსუბუქი მკურნალობაც. რა თქმა უნდა, სერიოზული მკურნალობა სასტუმროში ვერ ჩატარდება, ამისთვის რჩება ჰოსპიტალი. ესეც არის საქარველოს ნოუ-ჰაუ. არც ერთ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში არ არსებობს სასტუმროების, როგორც სამკურნალო დაწესებულების როლი. იქ სასტუმროები მხოლოდ საკარანტინო ფუნქციებს ასრულებს. ჩვენთან საკარანტინო ფუნქციების გარდა, სასტუმრო შეასრულებს შუალედურ რგოლს მაღალკვალიფიციურ კლინიკასა და ბინას შორის. ბინაზე დარჩებიან აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტები და ის, ვისაც რისკის ძალიან დაბალი დონე აქვს. სასტუმროში კი მოთავსდებიან ისინი, რომლებიც არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზებას, მაგრამ მაინც აქვთ რაღაც რისკის ფაქტორები და საჭიროებენ სამედიცინო დაკვირვებას, ხოლო ჰოსპიტალიზებული იქნებიან ისინი, რომლებიც ამას საჭიროებენ. ეს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.