თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა მალე დაიწყება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში იგეგმება ანტივირუსული მედიკამენტების, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა.
როგორც ცერცვაძემ განაცხადა, პროტოკოლის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, რადგან, მისივე თქმით, გარდაცვალების რიცხვის გაზრდა მკურნალობისა და მართვის ხარისხთან, ასევე პროტოკოლში რაიმე ხარვეზის არსებობასთან კავშირში არ არის.
„ჩვენთან მალე იგეგმება ყველაზე ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მომავლის თერაპიის, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა, რომელიც ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენება. პროტოკოლის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, რადგან რამდენადაც ეს ვიღაცისთვის ნაკლებად დამაჯერებელი არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული გარდაცვალების რიცხვის გაზრდა მკურნალობისა და მართვის ხარისხთან და პროტოკოლში რაიმე ხარვეზის არსებობასთან.
მსაყვედურობენ, რომ არ შეიძლება გარდაცვალებაზე სტატისტიკის ენით ლაპარაკიო, მაგრამ ამის გარეშეც არ შეიძლება. ჩვენ დღესაც კი, ასეთი მაღალი გარდაცვალების პირობებში, ძირითადი მაჩვენებლებით დადასტურებულ შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა გვაქვს 1,34%, ევროპის 32 ქვეყანაზე დაბალი და ამერიკის შეერთებულ შტატებზე დაბალი, ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 დაავადებულიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა ვერ ხერხდება. როცა საქართველოს რეგულაციების დაუცველობის პირობებში, ასეთი მაღალი ავადობის პირობებში, მაინც ნაკლები გარდაცვლილი გვყავს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს, მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანას უძლიერესი მედიცინით, იქ რატომ უნდა ვილაპარაკოთ პროტოკოლის შეცვლაზე? რაც შეეხება ოპტიმიზაციასა და ეტაპობრივ განახლებას, ამას ჩვენი პროტოკოლი მუდმივად განიცდის. ანალიტიკური გუნდი მუშაობს და თვალყურს ვადევნებთ ყველა სიახლეს, რაც ჩნდება მკურნალობაში მსოფლიოში, ზღვა მასალაა და იოლი არ არის გარკვევა ამ სიახლეებიდან, რომელი არის მისაღები როგორც სამკურნალო შედეგით, ისე სამართლებრივად და ეთიკურად. ჩვენ არ დაგვიგვიანია რაიმე სიახლის დანერგვა და რაიმეს ოპტიმიზაცია, პირიქით, რიგ შემთხვევაში მივდივართ წინსწრებით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.