თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და მატება არის მოსალოდნელი საქართველოშიც.
„გარდატეხა თუ არ მოხდა თვითონ ვირუსის ბუნებაში, ბევრი ელოდება, რომ დათბობასთან დაკავშირებით ეპიდემია გახდება მილევადი, როგორც გრიპის შემთხვვევაში. ბუნებრივი ციკლების თვალსაზრისით, თუ ეს უმოკლეს დროში არ მოხდა და ჩვენ არ ვიცით, ამ ახალი კორონავირუსის ბუნება როგორია, ველოდებით მატებას, რადგან ჩინეთის გარეთ, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება რაოდენობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილია და მოქმედებს დემოკრატიული პრინციპებით.
„აქ გამორიცხულია ტოტალიტარული ზომების, რაღაც იძულებითი ზომების გამოყენება ეპიდემიის შესაჩერებლად. ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, როგორც ევროპის ქვეყნებს შეეფერება.
მოსალოდნელია მატება, მატება აუცილებლად იქნება, მაგრამ ამოცანაა, ინფიცირებულთა რაოდენობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს არ გადაცდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან.
„ანალიზებს ინფიცირებულებს სულ ვუღებთ, ყოველ სამ დღეში. ჯერჯერობით, ვირუსი არსად გამქრალა და არც იყო მოსალოდნელი. როგორც ითვლება, მსუბუქი შემთხვევების დროსაც გამოჯანმრთელება იწყება ორი კვირის შემდეგ. მათ ორი კვირა ჯერ არ გასვლიათ. ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 141 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 69.