ჩვენც დავაბრუნეთ „ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) „კოვიდ-19“-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში, – ამ განცხადებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ეხმიანება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) გადაწყვეტილებას, სოლიდარობის კვლევაში „ჰიდროქსიქლოროქინის“ („პლაქვენილის“) დაბრუნების თაობაზე.
პროფესორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც ცნობილია, ჟურნალ „ლანცეტში“ ა.წ. 22 მაისს გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ „ჰიდროქსიქლოროქინს“ („პლაქვენილს“) შეიძლება, ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, 2020 წლის 25 მაისს ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო კლინიკურ კვლევა – Solidarity-დან მისი დროებით ამოღების თაობაზე.
რამდენადაც საქართველო მონაწილეობს სოლიდარობის კვლევაში, ჩვენ, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში „კოვიდ-19“-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტებიდან დროებით, ჯანმო-ს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამოგვეღო „ჰიდროქსიქლოროქინის“ („პლაქვენილის“) გამოყენება. თუმცა, ამავე დროს ყველა დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოში „პლაქვენილს“ წარმატებით ვიყენებდით სამი თვის განმავლობაში და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა.
ა.წ. 2 ივნისს მსოფლიო ექსპერტებს და თავად ჟურნალ „ლანცენტს“ გაუჩნდათ კითხვები და ეჭვი ამ ჟურნალში პლაქვენილის თაობაზე გამოქვეყნებული ნეგატიური შედეგების სარწმუნოებაზე და ეს უაღრესად მაღალრეიტინგული ჟურნალი ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა.
პარალელურად, ა.წ. 3 ივნისს ჯანმო-ს სპეციალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააბრუნოს „ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) Solidarity კვლევაში. შესაბამისად, ჩვენც დავაბრუნეთ „ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) „კოვიდ-19“-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.
ამავე პერიოდში დარგის მსოფლიო ლიდერმა – აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ინფექციურ დაავადებათა და ალერგიის ინსტიტუტმა (NIH/NIAID) პროფესორ ენტონი ფაუჩის ხელმძღვანელობით დაიწყო ახალი მასშტაბური კვლევა მსუბუქი/საშუალო სიმძიმის „კოვიდ-19“-ით პაციენტებში „ჰიდროქსიქლოროქინის“ („პლაქვენილის“) გამოყენებაზე დაავადების დამძიმებისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის.
პარალელურად აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელდება მასშტაბური კვლევები „კოვიდ-19“-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირებისთვის „ჰიდროქსიქლოროქინით“ („პლაქვენილით“) პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის შესწავლის თემაზე.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც თავის დროზე ღიად დაუჭირა მხარი „ჰიდროქსიქლოროქინის“ („პლაქვენილის“) გამოყენებას „კოვიდ-19“-ით პაციენტებში, აცხადებს, რომ პირადად იღებს ამ მედიკამენტს „კოვიდ-19“-ის პროფილაქტიკისათვის.
მოკლედ, მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის პერიფრაზით – „ცნობა „პლაქვენილის“ გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა“.
იმ პირების საყურადღებოდ, რომლებიც „ჰიდროქსიქლოროქინის“ („პლაქვენილის“) გამოყენებას ჩვენს სამკურნალო სტრატეგიასთან აიგივებენ და ჯანმო-ს მიერ მისი კვლევიდან ამოღება კმაყოფილებით აღიქვეს – ასეთ რეპლიკაც კი იყო, რომ ჯანმო-ს ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს „სულზე მოუსწრო?!“. მინდა მკაფიოდ განვუმარტო, რომ პლაქვენილი ჩვენთვის „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ მხოლოდ ერთ-ერთი მედიკამენტია და საქართველოში „კოვიდ-19“-ით პაციენტებს ვმკურნალობთ ინდივიდუალური მიდგომით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს – პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ – ჰემადსორბცია სხვადასხვა სორბენტების (მათ შორის Cytosorb-ის) გამოყენებით და სხვ. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა „კოვიდ-19“ პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა ავადმყოფების გადარჩენაზე და საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ამან (და არა „პლაქვენილმა“) განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე ევროპის 48 ქვეყნიდან აქვს „კოვიდ-19“-ისგან სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (3,3). ეს ფაქტი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციების, ექსპერტების და გამოცემების მიერ და ჩვენმა ოპონენტებმა ეს გინდ დაიჯერონ და გინდ არა.
აქვე, მინდა ვუპასუხო ბატონ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს „ჰიდროქსიქლოროქინის“ სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ – აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“.
ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში „კოვიდ-19“-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში – 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვენებს“, სჯობს თქვენკენ მოიკითხოთ“, – აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.