თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პაციენტი, რომელსაც „ემ“ ანტისხეულები აღმოაჩნდა, „პისიარ“ ტესტით შემოწმდა და პასუხი უარყოფითია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში გამოკვლეული 1068 პირიდან ანტისხეულები მხოლოდ ათს აღმოაჩნდა.
მისივე თქმით, აქედან ცხრა პირს ჰქონდა იმუნოგლობულინ „ჯი“ ანტისხეულები, ხოლო ერთს – „ემ“ ანტისხეულები.
ცერცვაძის განმარტებით, ემ ანტისხეული ნიშნავს, რომ პაციენტს შესაძლოა, დღეს ჰქონდეს აქტიური ინფექცია ან ახლო წარსულში აქვს გადატანილი.
მისივე განცხადებით, „ჯი“ ანტისხეულები კი მიანიშნებს, რომ პირს წარსულში აქვს გადატანილი ინფექცია, რომელიც გადადადების თვალსაზრისით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
„ჯი“ ანტისხეულები დამცავი ანტისხეულებია. რომ ვამბობთ, კოვიდგადატანილებს რჩებათ თუ არა იმუნიტეტი, „ჯი“ ანტისხეულები სწორედ ნიშნავს, რომ მას უკვე აქვს იმუნიტეტი. სანამ მას აქვს ეს „ჯი“ ანტისხეულები, დიდი ალბათობით, არ დაემართება მეორედ კოვიდი, მაგრამ შეიძლება, რამდენიმე თვეში მათ ეს გაუქრეთ. ანუ, ჩვენ არ ვიცით, ეს იმუნიტეტი რამდენი ხნით რჩება. ეს ჯერ მსოფლიოში არავინ იცის. ამიტომაა, რომ ყველას აინტერესებს ეს ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი შეიძლება ჩამოყალიბდეს ქვეყანაში, თუ არა, ისევე, როგორც არ იციან, ვაქცინა იქნება ეფექტური, თუ არა.
ცხრას ჰქონდა ანტისხეული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ წარსულში ჰქონიათ შეხება ვირუსთან, გადაუტანიათ, შესაძლოა, უსიმპტომოდ, ან არის მეორე დაშვებაც, რომ ჯვარედინი რეაქცია იყო, ტესტ-სისტემის შეცდომა იყო სხვა კორონავირუსებთან, არა კოვიდის კორონავირუსთან. ამის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, პაციენტს, რომელსაც „ემ“ ანტისხეულები აღმოაჩნდა, „პისიარ“ ტესტით შემოწმდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
აქვე, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნების კვლევებთან შედარებით, 1068 პირიდან 10 სეროპოზიტიური ცოტაა.
„1068 გამოკვლეული პირიდან 10 დადებითი არის ცოტა, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ ანალოგიურ გამოკვლევებს რომ შევადარებთ. თბილისში ყოველ მეასე მოზრდილ მოქალაქეს ჰქონდა ეს ანტისხეული. თანაც, ჩვენ არ ვიცით, ამ ყოველი მეასედან ყველას ნამდვილად „კოვიდი“ ჰქონდა გადატანილი, თუ სხვა კორონავირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს მხოლოდ მსუბუქი გაციებით დაავადებას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ანტისხეულებზე კვლევა ე.წ. თოვლის გუნდის პრინციპით ჩატარდა.
„შეირჩნენ თბილისის ყველა რაიონიდან. მიმართავდნენ ერთ პირს, შემდეგ იმ ერთ პირს უნდა მოეყვანა სამი თავისი ნაცნობი, შემდეგ იმ სამს კიდევ სამი და ა.შ. ამას ჰქვია ე.წ. თოვლის გუნდის პრინციპი. თუ აქვთ (კორონავირუსი), მაშინ ჯერ ანტისხეულები არ ექნებათ, ე.ი. ანტისხეულები გვიან რჩება, როცა უკვე ადამიანი მორჩენილია, გადატანილი აქვს.
ე.წ. უსიმპტომო პაციენტებს, რომელთაც ჭირთ აქტიური ინფექცია, „პისიარით“ არიან დადებითი, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები, კამათის საგანია მთელ მსოფლიოში – ითვლება, რომ ისინი მაინც გადამდები არიან, მაგრამ არა იმდენად გადამდები, როგორც სიმპტომებიანი პაციენტები“, – განაცხადა ცერცვაძემ.