თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მე-13 პაციენტი ახალგაზრდა ქალია და დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მე-13 პაციენტი ახალგაზრდა ქალია და დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს. როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის კლინიკაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მივიდა.
„მე-13 პაციენტი არის ახალგაზრდა ქალი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს. აღენიშნება ტემპერატურის მომატება – 37.3, მცირე ხველა. ის კლინიკაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით შემოვიდა.
რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა იტალიაში, სადაც ერთად იმყოფებოდნენ, იქ დაინფიცირდა ხუთი ადამიანი და როდესაც ჩამოვიდნენ, მოხვდნენ ჩვენს კლინიკაში, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურებმა ყველა მათი კონტაქტის გამოვლენა დაიწყეს. ეს ბოლო პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა იტალიაში ერთ-ერთ დაინფიცირებულ პირთან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის სიცოცხლეს, რომელსაც შედარებით მძიმე მდგომარეობა აქვს, საფრთხე არ ემუქრება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას აქვს ორმხრივი პნევმონია, ორმხრივი ფილტვების ანთება, მაგრამ იღებს ადეკვატურ მკურნალობას. ისეთი გართულებები, რომელიც მის სიცოცხლეს საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს, არ არსებობს. ძალიან დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს კაცი გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 141 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 69.