თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები კორონავირუსით ინფიცირების მომატებული რისკის ქვეშ არ იმყოფებიან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები კორონავირუსით ინფიცირების მომატებული რისკის ქვეშ არ იმყოფებიან.
მისივე თქმით, ჰეპატიტის მქონე პირებში იმუნური სისტემა შედარებით დასუსტებულია, თუმცა არა იმდენად, რომ ეს ავადობაზე აისახოს.
„დაავადების რისკი დაახლოებით თანაბარია ჰეპატიტით პაციენტში და არაჰეპატიტით პაციენტში. მათ რაიმე დაავადების მომატებული რისკი არ აქვთ. კი, ჰეპატიტიანებში, ვვარაუდობთ, რომ იმუნური სისტემა შედარებით დასუსტებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს აისახოს ავადობაზე. რაც შეეხება სიკვდილობის, ლეტალობის რისკს, თუ საქმე გვაქვს შედარებით მსუბუქ ჰეპატიტთან და არ არის ღვიძლის სერიოზული დაზიანება, ღვიძლის ცეროზის და მით უმეტეს, დეკომპესირებული ცეროზის სახით, მაშინ ჩვენი პრაქტიკით (ბატონი ამირანის და მისი გუნდის დამსახურებით, არ გვეძლევა საშუალება, დიდი პრაქტიკა გვქონდეს, ძალიან ცოტა ავადმყოფი გვყავს, 1000 პაციენტი ან ცოტა მეტი გვყავს გატარებული), გაურთულებელი ჰეპატიტის შემთხვევაში სიკვდილობის მაჩვენებელი არანაირად არ გაზრდილა ჩვენთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება ლეტალური შემთხვევების რისკს, ცერცვაძე ამბობს, რომ მძიმე ცეროზის და დეკომპესაციის შემთხვევაში რისკი იზრდება ზუსტად ისე, როგორც სხვა მძიმე თანმხლები დაავადებების დროს.
„მაგალითად, მძიმე გულის უკმარისობა, მძიმე შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, მძიმე ნევროლოგიური დაავადება და სხვა. რაიმე სპეციფიკური ბმა ჰეპატიტსა და კოვიდს შორის შემჩნეული არ არის. ვიმეორებ, ნებისმიერი სახის დაზიანება, იქნება ეს არაალკოჰოლური ჰეპატიტი, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ავტოიმუნური ჰეპატიტი, თუ ნებისმიერი სხვა ჰეპატიტის შემთხვევაში, თუ ჰეპატიტი მიმდინარეობს ღვიძლის მძიმე დაზიანების გარეშე, მძიმე გართულებების გარეშე, მხედველობაში მაქვს ცეროზი და მით უმეტეს დეკომპესირებული ცეროზი, ღვიძლის უკმარისობა, არავითარი სტატისტიკური განსხვავება არ არის.
ღვიძლის ტერმინალური ან მძიმე დაზიანების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ისევ ცეროზის, დეკომპესირებული ცეროზის და ღვიძლის უკმარისობის, კიბოს შემთხვევაში, სიკვიდლობის რისკი იმატებს, ზუსტად ისევე, როგორც სხვა ქრონიკული მძიმე დაავადებების დროს. განსხვავება არ არის, იქნება ეს გამოწვეული ცე და ბე ჰეპატიტით, თუ ალკოჰოლური ან არაალკოჰოლური ჰეპატიტით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“.