თენგიზ ცერცვაძე - აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მატება განგაშის საფუძველს არ იძლევა, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები მდგრადი იყო, ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ასეც დარჩება
ეს გარკვეული მატება, რომელიც აჭარაში დაფიქსირდა, განგაშის საფუძველს არ იძლევა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მიკროაფეთქებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომ ვირუსის ფართო გავრცელებაზე ფიქრის საფუძველი შექმნილიყო.
„ეს გარკვეული მატება, რომელიც აჭარაში დაფიქსირდა, განგაშის საფუძველს არ იძლევა. ეს გარდაუვალია, როდესაც კოვიდის პანდემიის გარემოცვაში ვცხოვრობთ, როდესაც მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება, როდესაც მთელ სამეზობლოში ვერაფრით ვერ მიაღწიეს ინფექციის კლებას.
მე ყურადღებით ვაკვირდები და ეს მიკროაფეთქებები და ლოკალურ მატებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში ფართო გავრცელებას ექნება ადგილი. საქართველომ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდთან ბრძოლაში დიდ წარმატებას მიაღწია როგორც შემთხვევების სიმცირის, ისე გარდაცვლილთა სიმცირის მხრივ, ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს საქართველოს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებული შედეგები მდგრადი აღმოჩნდა. როგორც მან აღნიშნა, ეს არა შემთხვევითი, არამედ ექიმების და სამთავრობო გუნდის გააზრებული ღონისძიებების შედეგია.
„გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ამერიკასა და ევროპაში არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიღწეული შედეგები მდგრადი აღმოჩნდა. ყველგან, სადაც შეზღუდვები მოხსნეს, დაფიქსირდა მკვეთრი მატება. მაგალითად, საფრანგეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა ექვს-შვიდ ათასამდე ავიდა, ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში რამდენიმე ასეული, თურქეთში ორი-სამი ათასი, ევროპის ქვეყნებში სამი-ოთხი ათასი, რუსეთში ექვსი-შვიდი ათასი. საქართველომ შეინარჩუნა მდგრადობა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ინფიცირების და გარდაცვალების მცირე რაოდენობა არ იყო შემთხვევითი. ის იყო ექიმების და სამთავრობო გუნდის გააზრებული და ძალიან ეფექტური საპასუხო ღონისძიებების შედეგი. ის, რომ ეს შედეგები დღემდე მდგრადი იყო, მე მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ის ასეც დარჩება.
ჩვენ საქართველოში უკვე გვქონდა რვა თუ ცხრა ასეთი მიკროაფეთქება. გავიხსენოთ მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხის, მესტიის, ვანის შემთხვევები, ყველგან მიღებული იყო მყისიერი ზომები და ეს მიკრომატება ლოკალიზებული იყო, მაქსიმუმ, ორ კვირაში. იგივე მოხდება აჭარაშიც“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი