თენგიზ ცერცვაძე - 45 წლის ქალს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა, ის ინსულტით გარდაიცვალა
45 წლის გარდაცვლილ ქალბატონს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა, ის ინსულტით გარდაიცვალა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„მას ვირუსზე პასუხი უარყოფითი ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ძალიან დიდი მოცულობის ჰემორაგიული ინსულტი და ის ინსულტით გარდაიცვალა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა, საქართველოში იყო ერთადერთი ახალგაზრდა პაციენტი.
„მიაქციეთ ყურადღება, ერთადერთი ახალგაზრდა, მაშინ, როდესაც, ვთქვათ, აშშ-ში გარდაცვლილთა 20 პროცენტია 20 წლიდან 64 წლამდე, ანუ ახალგაზრდა ასაკის. საქართველოში ეს იყო სამწუხარო, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როცა 68 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანი გარდაიცვალა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა მხოლოდ საქართველოშია, თორემ სხვა ქვეყნებში ეს ხშირი არ არის, მაგრამ არც იშვიათია.
„ამ კოვიდინფექციით ჩინეთში გარდაიცვალა ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს დაავადება; იტალიაში გარდაიცვალა საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სრულიად ახალგაზრდა; საფრანგეთში გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, 15 თუ 16 წლის, აშშ-ში კი გარდაცვლილთა 20 პროცენტი ახალგაზრდა ასაკის არის. ასე რომ, ახალგაზრდა ასაკი არ არის პანაცეა და მინდა, მოქალაქეებს ვთხოვო, რომ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ასაკობრივ ადამიანებს, 60 წელს გადაცილებულ და განსაკუთრებით, 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მაგრამ ახალგაზრდებიც ნუ გათამამდებიან, ვინაიდან უცხოეთის ქვეყნებში ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევები არის, გაცილებით იშვიათად, მაგრამ არც თუ ძალიან იშვიათად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.