თენგიზ ცერცვაძე - 300 არ არის ის რიცხვი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში საქართველოში კლინიკური სექტორი შეიძლება გადაიტვირთოს და ვერ გავუმკლავდეთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამირან გამყრელიძე პროფესიონალია და მისი დიდი წვლილია, რომ საქართველო ამ დრომდე მინიმალური დანაკარგით მოვიდა, თუმცა მის ერთ-ერთ განცხადებას ბოლომდე არ ეთანხმება.
ცერცვაძის თქმით, 300 არ არის ის რიცხვი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, საქართველოში შეიძლება კლინიკური სექტორი გადაიტვირთოს და ვერ გაუმკლავდეს.
ამ კომენტარით ცერცვაძემ უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმადაც, „ამირან გამყრელიძის განცხადებით, 300 პაციენტს თუ გადავაჭარბებთ, კონტროლირება რთული გახდება. არის თუ არა შესაძლებლობა, რომ საავადმყოფოები გაუმკლავდეს ამ მომატებულ შემთხვევებს? “.
თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ამირან გამყრელიძის ეს სიტყვები პრევენციულად ნათქვამია.
„ბატონი ამირანი ჩემი მეგობარია. ის არის უმაღლესი პროფესიონალი და უდიდესია მისი წვლილი, რომ საქართველო ამ დრომდე მოვიდა მინიმალური დანაკარგით და უკეთესი მდგომარეობით. მხედველობაში მაქვს დაავადებულთა და გარდაცვლილთა ნაკლები რაოდენობა, ვიდრე ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის ყველაზე განვითარებული ქვეყნები, რომელთაც აქვთ ჩვენზე გაცილებით ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს უფლებას მივცემ, მთლად არ დავეთანხმო ბატონ ამირანს.
300 არ არის ის რიცხვი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში საქართველოში შეიძლება მოხდეს გადატვირთვა კლინიკური სექტორის და ვერ გავუმკლავდეთ. ეს უფრო პრევენციულად ნათქვამია, მე ასე ვთვლი. ჩვენი რესურსი ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია და შედეგიც უჩვენებს ამას. ჯერჯერობით არც ერთ ქალაქში და არც ერთ რეგიონში არ შექმნილა საწოლების პრობლემა, არც სუნთქვის აპარატების არც გამოცდილი ექიმების და ისევ შედეგიც სახეზეა, სულ სამი გარდაცვლილი სადღეისოდ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ციფრი ევროპაში, ამაზე ნაკლები აქვს, თუ არ ვცდები, ლიხტენტეინს, მონაკოს და ვატიკანს“ , – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.