თენგიზ ცერცვაძე - 2009 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ინფექციური საავადმყოფოს შენობა გაყიდა, ეს იყო მძიმე და უკიდურესად უსამართლო პერიოდი
თენგიზ ცერცვაძე - 2009 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ინფექციური საავადმყოფოს შენობა გაყიდა, ეს იყო მძიმე და უკიდურესად უსამართლო პერიოდი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია, ელოდებოდა.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ  2009 წლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმდროინდელი ხელისუფლების მიერ, ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები გაიყიდა და კომპანია „ავერსი ფარმამ“ შეიძინა.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს დილით მთავრობის სხდომაზე ბატონმა პრემიერმა გააკეთა ჩვენთვის, ალბათ მთელი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო განცხადება, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ელოდება მთელი ქვეყანა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრისთვის მთავრობა გამოყოფს 40 მილიონ ლარს, რომელიც მოხმარდება ამ ცენტრისთვის ახალი შენობის შეძენას ან ახალი შენობის აშენებას. მოკლედ მიმოვიხილავ, თუ რა უძღოდა ამას. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული მოკლე დროში და იოლად.

ჯერ კიდევ 2009 წელს, სამწუხაროდ, მაშინდელი ხელისუფლების მიერ, ამ ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები იქნა გაყიდული და ის შეიძინა კომპანია „ავერსი ფარმამ“. ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენს ცენტრს, რომელიც არის ქვეყნისთვის უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სამედიცინო დაწესებულება, 10 წელი არ ჰქონდა საკუთარი შენობა-ნაგებობები და ტერიტორია, იმყოფებოდა ასე ვთქვათ მდგმურად „ავერსი ფარმას“ საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე.

ეს იყო ძალიან მძიმე და უკიდურესად უსამართლო პერიოდი, როდესაც ქვეყნის მთავარ სამედიცინო დაწესებულებას, ეს არის სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისთვის დამახასიათებელი უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და უდიდესი ეკონომიური ზარალით. ეს ის დაწესებულებაა, რომელიც იყო ძირთადი ინიციატორი და განმახორციელებლი მსოფლიოში უპრეცედენტო, უნიკალური ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა, რომელმაც საქართველოში უკვე განკურნა 70 000-ზე მეტი ცე ჰეპატიტით ავადმყოფი და სიკვდილს გადაარჩინა დაახლოებით, 25 000 ავადმყოფი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.