თენგიზ ცერცვაძე - საქართველო, დიდი ალბათობით, 2-3 კვირაში მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს“
თენგიზ ცერცვაძე - საქართველო, დიდი ალბათობით, 2-3 კვირაში მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს“

2-3 კვირაში საქართველო, დიდი ალბათობით, მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს”, ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნულთან დაკავშირებით ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მალე, სავარაუდოდ 2-3 კვირაში, საქართველო იქნება ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს“. არ არის დამტკიცებული, რომ ეს მედიკამენტი ნამდვილად კურნავს „კოვიდს“, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედისმომცემად. ეს მედიკამენტი იმდენად იმედისმომცემია, რომ ამერიკაში ჯერ არ უწარმოებიათ ეს მედიკამენტი საკმარისი რაოდენობით და მთავრობამ წინასწარ შეისყიდა ის. ევროპის ქვეყნებიდან ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც გზები მოვნახოთ მწარმოებელთან და შევიძინოთ. 2-3 კვირაში, დიდი ალბათობით, შემოვა საქართველოში ეს წამალი. ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას, რაც ისედაც მცირეა“, – განაცხადა ცერცვაძემ.