თენგიზ ცერცვაძე - თუ შემთხვევების მატება იქნება ასეთი ტემპის ან ცოტა მეტი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ნამდვილად გაუძლებს
თუ ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატება იქნება ასეთი ტემპის ან თუნდაც ცოტა მეტი, მაგრამ არა დრამატულად მეტი, მაშინ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ნამდვილად გაუძლებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში შემთხვევების მატება დაკავშირებული იყო ახალ კლასტერებთან.
„თუ წინათ იყო ძირითადად იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ირანიდან შემოსული შემთხვევები, ამას დაემატა და სერიოზულად დაემატა აშშ-იდან ჩამოსული შემთხვევები. გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის შემთხვევა, რომელიც მარნეულში მოხდა და რომელიც ჩაითვალა მეოთხეული გავრცელების პირველ შემთხვევად საქართველოში, რამაც დასაბამი დაუდო ინფექციის შიდა გავრცელებას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ბოლო დღეებში შემთხვევებმა მოიმატა.
„თუ შემთხვევების მატება იქნება ასეთი ტემპის ან თუნდაც ცოტა მეტი, მაგრამ არა დრამატულად მეტი, მაშინ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რომ ამას ნამდვილად გაუძლებს. თუ ეპიდემიის გავრცელება გახდა უკონტროლო და ჩვენ ძალიან არ გვინდა, ეს მოხდეს, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არის, მაგრამ აი, მერე ალბათ მისაღები იქნება დამატებითი ზომები, უნდა ამოქმედდეს ე.წ. გეგმა ბე, გეგმა ცე და ა.შ.“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.