თენგიზ აფხაზავა - „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ გაცდა იურიდიულ ჩარჩოს, არამედ გადაიქცა კრიმინალურ დაჯგუფებად
„ნაციონალური მოძრაობა“ არათუ გაცდა იურიდიულ ჩარჩოს, არამედ გადაიქცა კრიმინალურ დაჯგუფებად, რომელიც ყველანაირი ძალადობით ცდილობს, საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, თითქოს დესტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, თითქოს არაფერი კეთდება, რაც არის აბსოლუტური სიცრუე, მიეჩვია უკვე საზოგადოება და ბათუმის ამომრჩეველი საკრებულოს ოპოზიციის მხრიდან ასეთ სპექტაკლებს, – ასე გამოეხმაურა დღეს ბათუმის მერიაში მიმდინარე მოვლენებს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ფრაქციის თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაარღვიეს კანონი, იძალადეს მერიისა და საკრებულოს დაცვაზე, ძალადობრივი აქტი განახორციელეს, დააზიანეს კარები და ძალით შეიჭრნენ სათათბირო ოთახში, რისი უფლებამოსილებაც მათ არ ჰქონდათ.
„სათათბირო ოთახის გამოყენებას აქვს თავისი წესი, ეს უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, ნებართვით და შეშვებით. იმის გამოყენება საბაბად, რომ თითქოს 2019-2020 წლის აუდიტის დასკვნაში რაღაც განსაკუთრებული წერია და ამის გამო უნდოდათ მერთან შეხვედრა, მინდა განვაცხადო, რომ 2019-2020 წლის აუდიტის დასკვნას არანაირი კავშირი დღეს მოქმედ მერთან არა აქვს. ამის საბაბად გამოყენებაც არის აბსოლუტური სიცრუე“, -განაცხადა თენგიზ აფხაზავამ.
მისივე თქმით, ყველა ასეთ ქმედებას ექნება ადეკვატური პასუხი.
„ადეკვატური პასუხი იყო პოლიციის გამოძახება და იმ სამართლებრივ ჩარჩოებში პროცესების მოქცევა, რასაც კანონი ითვალისწინებს“,- აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ბათუმის მერიაში დილიდან ხმაური იყო. ქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მერის კაბინეტის მისაღებში დაცვის სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით ენმ-ის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.