ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მინიჭება მომიჯნავე ფართობის ანალოგიური ლიცენზიის მფლობელზე შესაძლებელი იქნება
ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მინიჭება შესაძლებელი იქნება, მომიჯნავე ფართობის ანალოგიური ლიცენზიის მფლობელზე.
შესაბამისი ცვლილებები „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე და ანტონ ობოლაშვილი არიან.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, ის ფაქტი, რომ ლიცენზიის მაძიებლის არჩევა აღარ მოხდება ტენდერის/აუქციონის გზით, არ ნიშნავს იმას, რომ ლიცენზიის მაძიებლებს არ ეყოლებათ კონკურენტები, რადგან ერთსა და იმავე ფართობს შესაძლოა მომიჯნავე ტერიტორიების რამდენიმე მფლობელი ჰყავდეს. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, კანონპროექტით დგინდება ნავთობისა და გაზის შემცველი იმ თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლებები, რომელზეც არცერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სააგენტოს მიერ დადგენილი შესაბამისი ხელმოწერის ბონუსის გადახდის საფუძველზე, დადგენილი პირობებითა და წესით, ინვესტორს გადაეცემა ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაცია ან ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლება, ტენდერის ან აუქციონის გარეშე, რომლის ფართობი უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღს, თუ: ფართობზე არსებული ბუნებრივი რეზერვუარის საზღვრები სცდება ფართობის საზღვრებს და გადადის თავისუფალი წიაღის შესაბამის ნაწილზე, ან ფართობზე დაგეგმილი კონკრეტული ნავთობისა და გაზის ოპერაციის განხორციელება შეუძლებელია ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემის გარეშე, ან თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების ინვესტორისთვის გადაცემა აუცილებელია სხვა საფუძვლიანი გეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე.
ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ნავთობისა და გაზის შემცველი თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე უნდა ეცნობოს ყველა იმ ინვესტორს, რომლის ფართობი უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღს, რათა, დაინტერესების შემთხვევაში, მათ ჰქონდეთ გონივრული ვადა შესაბამისი განაცხადების წარმოსადგენად. ინიციატორები ვარაუდობენ, რომ კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხარჯების დაზოგვის კუთხით, რადგან აღარ იქნება საჭირო კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტენდერის ან აუქციონის ჩატარება. “სააგენტო ღია საერთაშორისო ტენდერებს აცხადებს დაახლოებით წელიწადში ორჯერ და ტენდერთან დაკავშირებულ ინფორმაციას აქვეყნებს საერთაშორისოდ აღიარებულ საინფორმაციო წყაროებში. ასეთ შემთხვევებში კი სააგენტოს აღარ მოუწევს ტენდერის/აუქციონის საერთაშორისოდ აღიარებულ საინფორმაციო წყაროებზე გამოქვეყნება, რომლის საფასურიც შესაძლოა მერყეობდეს 3000 ლარის ფარგლებში“, – აღნიშნულია კანონპროექტში.