პოლიტიკური პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს თანამშრომლობას არც ოპოზიციასთან და არც „ქართულ ოცნებასთან“.
შაშიაშვილის განცხადებით, ის ემიჯნება ქუჩის აქციებსა და ქუჩის პოლიტიკას.
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნების მაჟორიტარული სისტემით ჩატარების მომხრეა.
თემურ შაშიაშვილის განცხადებით, გუშინ შეკრებილ ოპოზიციას არ ჰქონდა უფლება, ყველა ოპოზიციური პარტიის სახელით ესაუბრა.
„საქართველო, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან, ცხოვრების წესიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გაცილებით უკეთესია იყოს საპრეზიდენტო ქვეყანა, იყოს მაჟორიტარული არჩევნები და არა პროპორციული, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ამას ეწინააღმდეგებიან, ამიტომ ჩვენ კონსულტაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ, რადგან პარტიები ფიქრობენ არა იმაზე, რას ჯობს ქვეყნისთვის, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხვდნენ პარლამენტში. ჩვენთვის მიუღებელია, როგორ იქცევა მმართველი პარტია, მისი ლიდერი და აბსოლუტურად მიუღებელია ისიც, როგორც იქცევა ოპოზიცია. მთელი ოპოზიციის სახელით ლაპარაკი ჩემთვის გაუგებარია. საუბრობენ, რომ ყველანი შევიკრიბეთ, ასზე მეტი პარტიაა მათ გარეთ რეგისტრირებული და ოფიციალური, მე გაცილებით დიდ პატივს ვცემ იმ პარტიებს, რომლებიც ქუჩაში არ ყვირიან. მე გუშინდელ შეკრებას განაწყენებულთა, რევანშისტთა, უმადურთა, ხალხის ხარჯზე გამდიდრებულთა შეკრებას დავარქმევდი, რადგან ზუსტად ასეთი პარტიები იყვნენ შეკრებილები. მე მათ ვეუბნები, ილაპარაკეთ თქვენი სახელით, ჩვენი სახელით ნუ ლაპარაკობთ“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დამანგრეველია ქვეყნისთვის, მიუღებელია როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ დასაფასებელია, როგორც მეწარმე და ბიზნესმენი.
„განცხადება, რაც გუშინ ისმოდა, ყველა მინუს ერთი, ჩემთვის მიუღებელი და ფაშისტურია. ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთადერთი გზა წავიდეს პოლიტიკიდან ისე, რომ ჩაატაროს მართალი, დემოკრატიული არჩევნები, თუ არა და ქვეყანა კიდევ უფრო დიდ უბედურებაში გაეხვევა“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.