თემურ შაშიაშვილი - თუ პრეზიდენტი გავხდები, წელიწადში ერთხელ ნაციის ჯანმრთელობის შესახებ მოხსენებას გავაკეთებ
თუ პრეზიდენტი გავხდები, წელიწადში ერთხელ, ნაციის ჯანმრთელობის შესახებ მოხსენებას გავაკეთებ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„ამას ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკეთებს პრეზიდენტი. ნაციის ჯანმრთელობა მხოლოდ კვება არ არის და დაავადებების 50 პროცენტი ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული. გეუბნებით, თმა ყალყზე დაგვიდგება, როცა საქართველო ამ მოხსენებას მოისმენს, რადგან მაშინ მივხვდებით, ქვეყანა რა სიყალბეში ცხოვრობს“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
როგორც შაშიაშვილმა აღნიშნა, ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც ხალხს გადამხდელუნარიანს გახდის.
„ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს ფუნქციაა, ხალხი გადამხდელუნარიანი გახადოს, ჩვენთან კი სახელმწიფო გადასახადის ამოღების ფუნქციას ასრულებს“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
მისი თქმით, ის განვითარების ბიუჯეტის მომხრეა და არა სოციალური ბიუჯეტის მომხრე.
„მოსახლეობის 80 პროცენტი არსებობისათვის საჭირო კალორიას ვერ იღებს. დასაქმებას ხვალ ვერ გაზრდი, ეს გამორიცხულია და ვერ დაველოდებით, ხალხი როდის დასაქმდება. პრინციპულზე პრინციპულია, განვითარების ბიუჯეტით ამ პირობებში შეძლო იმის გაკეთება, რომ მოსახლეობამ არსებობისთვის საჭირო კალორია მიიღოს. დღეს სოციალური ორიენტაციის თვალსაზრისით იმდენი ფული იხარჯება, რომ ამ ფულით ხუთჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლება“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა სიყალბეში იხრჩობა, რადგან ირგვლივ სიყალბეა.
„სახელისუფლებო რგოლები თავიდან ბოლომდე სიყალბეზეა მიმართული. ფული, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება, სიყალბეს უფრო აფინანსებს, ვიდრე ადამიანებისთვის რაღაც ნორმალურ პირობებს ქმნის და ასევე ყალბად მიდის მთელი საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა თეიმურაზ შაშიაშვილმა.