თემურ შალამბერიძე - გოლი ნამდვილად გავიდა, მაგრამ მსაჯებიც ადამიანები არიან
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „ლოკომოტივთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ მეტოქის კარში მთავარმა არბიტრმა ბაკურ გულუამ 100-პროცენტიანი გოლი არ ჩათვალა.
„ძალიან დაძაბული თამაში გამოგვივიდა. პირველი ტაიმი უღიმღამო გამოდგა – ჩემი აზრით, ფეხბურთელებს კვალი ამინდმა დაატყო. მეორე ნახევარში თამაში გამოცოცხლდა და დაძაბულობამ მოიმატა. რაც შეეხება 77-ე წუთზე ლევან კაკუბავას გატანილ გოლს – მატჩის შემდეგ ამ ეპიზოდის ნახვა მოვასწარი და ბურთმა ხაზი ნადვილად გადაკვეთა. მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება და მსაჯებიც ცდებიან“ – ამბობს თემურ შალამბერიძე.
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „საბურთალოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ შეხვედრა 0:0 დასრულდა. „საბურთალომ“ 77-ე წუთზე გოლი გაიტანა, ლევან კაკუბავას დარტყმულმა ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ არბიტრმა გოლი არ ჩათვალა, რამაც „საბურთალოს“ პროტესტი გამოიწვია.