საფეხბურთო ტაიმაუტი | „საბურთალოს“ აკადემიის დირექტორი - საქართველოში ბევრი საფეხბურთო აკადემიაა საჭირო, უფრო მეტი მაღალი დონის მოთამაშე რომ გაიზარდოს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | „საბურთალოს“ აკადემიის დირექტორი - საქართველოში ბევრი საფეხბურთო აკადემიაა საჭირო, უფრო მეტი მაღალი დონის მოთამაშე რომ გაიზარდოს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანმა, გიორგი თვალაბეიშვილმა გადაცემის ექსპერტს, ვლადიმერ გუცაევსა და სტუმრებს „სპორტ 24“-თან ომარ თეთრაძის ინტერვიუს კომენტარი სთხოვა, შედეგად დისკუსია ქართული ფეხბურთის პრობლემებზე წარიმართა.

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა და „საბურთალოს“ ყოფილმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეები ვერ იზრდებიან.

„დღესდღეობით ძალიან ბევრს საუბრობენ ქართველი ახალგაზრდების საუკეთესო თაობაზე. უფრო მეტი ფეხბურთელიც გაიზრდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პროფესიულ ფეხბურთში გადასვლისას უმეტესობა იკარგება. გუნდები ახალგაზრდებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, ყველას მხოლოდ შედეგი სჭირდება. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა წინსვლა შეძლონ – ელემენტარულად, ბაზა უნდა აშენდეს, რათა ბიჭებმა იქ დაისვენონ, მომჯობინდნენ და იკვებონ. მაგრამ ეს ასე არ არის, რის გამოც დეგრადაციას განიცდიან“, – განაცხადა ომარ თეთრაძემ.

ვლადიმერ გუცაევი: „ბევრ გუნდს განვითარებული ინფრასტრუქტურა და სავარჯიშო მოედნები მართლაც არ აქვს. თუ მოთამაშემ დღეში 4-5 საათი მაინც არ ივარჯიშა, დღევანდელი ფეხბურთის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ასაკობრივ ნაკრებებში მოთამაშეთა 80 პროცენტი „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ აკადემიების აღზრდილია. უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებს მათთან მიმსგავსებული საფეხბურთო სკოლები რომ ჰქონდეთ, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ფეხბურთელი გაიზრდება.

მთავრობა და კლუბები ცდილობენ ინფრასტრუქტურის შექმნას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. „დინამოს“ აკადემიაში სამი ხელოვნურსაფრიანი მოედანია, როდესაც 7-8 სხვადასხვა ხარისხის მოედანი მაინც უნდა იყოს ბავშვმა თავი კომფორტულად რომ იგრძნოს“.

თემურ შალამბერიძე, „საბურთალოს“ აკადემიის დირექტორი: „უკეთესი იქნება, ბავშვებს რაც უფრო ხშირად გავუშვებთ უცხოურ ტურნირებზე სათამაშოდ. ამას გარდა, საჭიროა კვების დანამატები, ტრენაჟორებზე ვარჯიში, საცხოვრებელი კორპუსი. „საბურთალოს“ ზუსტად ასეთი ბაზის აშენება სურს.

საქართველოში საჭიროა მეტი საფეხბურთო აკადემია. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი მოთამაშე გაიზარდება და თამაშებიც დაძაბული იქნება. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ თბილისის „დინამოს“, „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“ სეზონში 4-5 თამაშის ჩატარება უწევთ ძლიერ მეტოქესთან. დანარჩენი გუნდები ძლიერები ვერ არიან და როდესაც მეტოქე ვერ უტევს, მცველებიც ვერ იზრდებიან. მირჩევნია, დიდი კონკურენცია იყოს, რადგან საერთო დონის გაზრდის წინაპირობა დაძაბული თამაშებია“.

თემურ უგრეხელიძე, „დინამო თბილისის“ სელექციონერი: „თემურს ვეთანხმები, საჭიროა მეტი საფეხბურთო აკადემია და კონკურენცია თავად გუნდში და მეტოქეებთანაც. სხვაგვარად ფეხბურთელები ვერ გაიზრდებიან. ვცდილობთ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები არ დაიკარგონ.

რაც შეეხება მოედნებს, „დინამოს“ აკადემიის სამივე მოედანი ხელოვნურსაფრიანია, მაგრამ ეს ორთოპედიული საფარია. ვცდილობთ ფეხბურთელები ერთი წლით უფროსებში ვათამაშოთ, რომ მეტი კონკურენცია იგრძნონ და უფრო დაძაბული მატჩები ჩაატარონ. პლუს ორჯერ ვიყავით იტალიაში, სადაც ჩვენი ფეხბურთელების პლუს-მინუსები კარგად გამოჩნდა.

ვიტალი დარასელიას სახელობის თასის დაარსებით კი ყველამ იცის, რამხელა საქმე გაკეთდა. ახლახანს ბათუმში შესანიშნავ საერთშორისო ტურნირზეც ვმონაწილეობდით, სადაც ძალიან ძლიერი უცხოური გუნდები თამაშობდნენ, მაგრამ მთავარი მწვრთნელთა განათლებაა. ისევე როგორც სხვა სფეროში, განათლება ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია“.