თემურ ქეცბაია - „რაპიდთან“ შანსი ვენაში დავკარგეთ, მაგრამ ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ვენის „რაპიდთან“ ევროპის ლიგაზე პირველი მატჩის მარცხის (0:3) შემდეგ სახლში 2:1 მოიგო, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა – კვიპროსული კლუბი კონფერენს ლიგაზე გადაერთვება.
ფამაგუსტას გუნდის ქართველამ მწვრთნელმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და ფეხბურთელებს ბრძოლისუნარიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ჩვენი წყვილის ბედი ვენაში გაირკვა, სადაც 0:3 წავაგეთ. ეს ძალიან რთული მატჩი იყო, რადგან კორონავირუსის გამო საკონტროლო მატჩები ვერ ჩავატარეთ და ასეთ მეტოქესთან თამაშისთვის მზად არ ვიყავით. მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. პირველ ტაიმში, როდესაც ძალა და ენერგია გვქონდა, ჩვენ რეალური საგოლე მომენტები შევქმენით. 60 წუთის შემდეგ გუნდმა ეს რიტმი ვერ შეინარჩუნა“, – განაცხადა ქეცბაიამ.
მისი აზრით, ანორთოსისი“ ავსტრიულ გუნდს პოტენიალით სჯობდა.
„მეტოქის რიგებში საუკეთესო მათი მეკარე იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ჩვენ უცნაური გოლი გავუშვით და ამან ძალიან გაგვაბრაზა. მე თავიდანვე ვთქვი, რომ „რაპიდზე“ უკეთესი გუნდი ვართ და რომ ამის მჯერა. მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ არ ვართ ისე მზად, როგორც უნდა ვყოფილიყავით. რამდენადაც შეგვეძლო, გავუძელით, ძალიან კარგად ვითამაშეთ. მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი და გვჯერა, რომ ფეხბურთელები დასახულ მიზნებს მიაღწევენ“.
ქეცბაიამ „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ისინი თამაშის მოგებაში ძალიან დაგვეხმარნენ. მჯერა, რომ დღეს სახლში დაბრუნებული ხალხი იტყვის, რომ მათ ნახეს გუნდი, რომელმაც საოცარი ფეხბურთი ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ნაწილში ჩვენ მეტის გაკეთება შეგვეძლო. ახლა კონფერენს ლიგაზე ისრაელის გუნდს შევხდებით და მჯერა, რომ ამ დაპირისპირებისთვის მზად ვიქნებით”.
ამ წაგების შემდეგ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ევროპალიგას გამოეთიშა, მაგრამ კვიპროსული კლუბი კონფერენს ლიგაზე გადაერთვება, სადაც ბეერ-შევას „აპოელს“ შეხვდება – 19 აგვისტოს გასვლაზე, 26-ში კი შინ მიიღებს.