თემურ მიქელაძე - კავასაკის მსგავსი სინდრომებით ყოველწლიურად ორი-სამი შემთხვევა მიფიქსირდება, პოსტკოვიდურადაც იყო ორი შემთხვევა და პაციენტები მულტიპროფილურ კლინიკებში გადაიგზავნა
პირადად მე ყოველწლიურად კავასაკის მსგავსი სინდრომებით ორი-სამი შემთხვევა მიფიქსირდება ხოლმე და მას აუცილებლად ვაგზავნი შესაბამის მულტიპროფილურ კლინიკებში, ამ შემთხვევაშიც, პოსტკოვიდურად ორი შემთხვევა იყო და ეს პაციენტებიც მულტიპროფილურ კლინიკებში გადაიგზავნა, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა.
კითხვაზე – სხვადასხვა გამოცემა იუწყება, რომ ბავშვებში პოსტკოვიდური პერიოდის გართულებები გამოვლინდა, სახელდება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი და კავასაკის სინდრომი, რას ნიშნავს ეს სინდრომი, რამდენად საშიშია, რამდენად მართვადია და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ამის შესახებ, თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ პოსტკოვიდური გართულების სახით აღნიშნული სინდრომი იშვიათ შემთხვევებში გვხვდება.
„თვითონ სინდრომიდან გამომდინარე ნიშნავს, რომ მულტისისტემური, ორი და მეტი ორგანოს ჩართულობით მიმდინარე ანთებითი დაავადება, თუმცა, თუ კავასაკის დაავადებისა და კავასაკის მსგავსი დაავადების დეფინიციას გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ ის საკმაოდ ხშირად სხვადასხვა ეპიდემიასთან და პანდემიასთან არის დაკავშირებული. ასე მაგალითად, აშშ-ში ყოველწლიურად აქამდეც ფიქსირდებოდა დაახლოებით 3 000-მდე შემთხვევა კავასაკისა და კავასაკის მსგავსი სინდრომისა, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც პოსტკოვიდურად ბავშვებში აღინიშნა ამერიკის პედიატრთა აკადემიისა და CDC-ს მონაცემებით, იყო დაახლოებით 1 600-მდე შემთხვევა მაშინ, როდესაც არის დაახლოებით 25 მილიონამდე გავრცელებული, ანუ ჩვენზე დაახლოებით ასჯერ მეტი. სტატისტიკურად, პირველად ეს დაფიქსირდა მაინც გაერთიანებულ სამეფოში, პირველი მონაცემები იყო დაახლოებით 2020 წლის აპრილის თვეში, გადათვალეს და აღმოჩნდა, რომ ყოველ 100 000 მოსახლეზე შეიძლება ჰქონდეს მაქსიმუმ ორ შემთხვევამდე. აქედან გამომდინარე, სწორედ კოვიდინფექციის გადატანიდან დაახლოებით ოთხ-ექვს კვირაზე ბავშვებშიც შეიძლება, აღინიშნოს რამდენიმე სიმპტომი. ოღონდ, ეს რამდენიმე სიმპტომი უნდა იყოს ერთდროულად. პირველი ეს არის, აბსოლუტურ შემთხვევაში, მაღალი ცხელება, რომელიც ძნელად ექვემდებარება სიცხის დამწევებს. მას თან ახლავს ღებინება, მუცლის ტკივილი. შეიძლება, იყოს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. შეიძლება, მოხდეს გამონაყარი“, – აღნიშნა თემურ მიქელაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ახალი წლის პერიოდში გავრცელდა სხვადასხვა ნაწლავური ინფექცია და მიმართვიანობა გაიზარდა, თუმცა ეს კორონავირუსს არ უკავშირდებოდა.
„აქვე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ სწორედ როცა ამ სინდრომზე დავიწყეთ საუბარი, პირველად იყო დავუშვათ აპრილის თვეში, ახლა დაახლოებით ახალი წლის პერიოდი დაემთხვა, როდესაც საქართველოში გავრცელება ჰპოვა სხვადასხვა ნაწლავთა ვირუსულმა ინფექციებმა. ზოგ შემთხვევაში იყო სხვადასხვა კვებითი ტოქსიკური ინფექცია, ბავშვებში მეტნაკლებად სხვადასხვა საკვების მიღების შედეგად, ან ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები და საკმაოდ ხშირად მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა. მშობლებს აღელვებულებს მოჰყავდათ ბავშვები და ყველას ეგონა, რომ მეტნაკლებად მათ „კოვიდის“ შემდეგ გადაიტანეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექცია, რომელიც ერთი-ორი დღის შემდეგ დაექვემდებარა სხვადასხვა როგორც სიმპტომურად, ისე ზოგ შემთხვევაში, თუ იყო ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები, სხვადასხვა მედიკამენტოზურ თერაპიას“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.
მისივე თქმით, კავასაკის სინდრომთან დაკავშირებული კიდევ ერთი სიმპტომი შეიძლება, იყოს გამონაყარი, ტერფების შეშუპება, ასევე პოლიორგანული უკმარისობა.
„აქ არის დავუშვათ გულ-სისხძარღვთა სისტემის უკმარისობა, სასუნთქი სისტემის და ასე შემდეგ. ეს ჩვენთვის არ არის ახალი. ყველა მომუშავე მედიკოსმა იცის ამ სინდრომის შესახებ. განსაკუთრებით, როცა კავასაკის მსგავს სინდრომზე ვსაუბრობ. მე პირადად ყოველწლიურად კავასაკის მსგავსი სინდრომებით ორი-სამი შემთხვევა მიფიქსირდება ხოლმე და მას აუცილებლად ვაგზავნი ხოლმე შესაბამის მულტიპროფილურ კლინიკებში. ისევე, როგორც ამ შემთხვევაში, პოსტკოვიდურად ორი შემთხვევა იყო და ეს პაციენტებიც მულტიპროფილურ კლინიკებში გადაიგზავნა. მულტიპროფილურ კლინიკებში უნდა მართოს ბავშვთა ინფექციონისტმა, კარდიოლოგმა, რევმატოლოგმა და თუ დროულად იქნება დიაგნოსტირებული, დროულად იქნება შესაბამისი მედიკამენტოზური თერაპია დაწყებული, აბსოლუტურ უმრავლესობაში პროგნოზი შესაბამისად იქნება კეთილსაიმედო. ასე რომ, ეს რაღაც განსაკუთრებულად ახალი არ არის. ამ მულტისისტემურ ანთებით სინდრომზე, ჩვენ როცა ექიმობას ვიწყებდით, მაშინაც სხვადასხვა სინდრომებით იყო გავრცელებული, ალბათ მაშინაც ეს იყო დავუშვათ სეფსისი და ა.შ. პრაქტიკულად ეს არ არის ახალი და თუ სწორად და დროულად იქნება მკურნალობა დაწყებული, გამოსავალი გვექნება კარგი“, – აღნიშნა თემურ მიქელაძემ.