თემურ მღებრიშვილი - სტიქიის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალით, ისე მცირე ტექნიკითა და ნავებით
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალით, ისე მცირე ტექნიკით და მდინარეზე მცურავი ნავებით
როგორც თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, დღეს სამი ცხედრის ნახვა მოხერხდა მდინარის კალაპოტში და გადასვენებულია პროზექტურაში სამივე ცხედარი.
„გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური ცალკეულად და ისიც ასევე გადატანილია პროზექტურაში. პირველი ნაპოვნი ცხედარი ეს იყო დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან, დანარჩენი ორი ცხედარი ორი კილომეტრის მოშორებით იყო ერთმანეთის გვერდით, დაახლოებით 200 მეტრის რადიუსის მოშორებით. პირველივე დღიდან მიმდინარეობდა მდინარის მონიტორინგი. ამ ეტაპზე, რადგან მდინარის დონე დაწეულია, გამოჩნდა ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი გახდა ადგილზე გადამოწმება, თუმცა გამორიცხული არაფერია, ესაა, სავარაუდოდ, პირველივე ძლიერი ტალღის შედეგად წაღებული ადამიანების ცხედრები. ხვალ 54 სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული. ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მდინარის კალაპოტი მაქსიმალურად გაშლილია და შევისწავლეთ ეს სიტუაცია, ამიტომ ავიღეთ ეს ლოკაცია ბოლო წერტილად. არის ოთხი ცხედარი, რომლის დნმ-ის პასუხებსაც ველოდებით, გარდა ამისა, სამი ფრაგმენტია ადამიანის ქვედა კიდურების, რომელთა იდენტიფიცირებაც არ მომხდარა. დღეს ნაპოვნი სამი ცხედრიდან ორი, დიდი ალბათობით, მამაკაცის უნდა იყოს და მესამე ქალი უნდა იყოს. ამ დროის მდგომარეობით, 24-ია ნაპოვნი და 20-ია იდენტიფიცირებული, დაკარგულია ცხრა. მთლიანი დამეწყრილი ტერიტორიის 40 პროცენტია გადამოწმებული“, – განაცხადა მღებრიშვილმა.