თემურ მღებრიშვილი - სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის გადამოწმება, ფაქტობრივად, დასრულებულია, დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 25-ე კილომეტრზე მაშველებმა, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მისივე თქმით, სტიქიის ეპიცენტრში, ფაქტობრივად, დასრულებულია დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება.
„დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. დაახლოებით ნახევარი საათის წინ საპატრულო მონიტორინგის მერვე სექტორზე, ეს არის დაახლოებით 25-ე კილომეტრი სტიქიის ეპიცენტრიდან, ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც ჩვენი მაშველების მიერ არის მდინარიდან გამოსვენებული და გადასვენებულია პროზექტურაში. ეს არ არის მცირეწლოვანი, სავარაუდოდ, ზრდასრული მამაკაცია. ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მიდის მაქსიმალური მუშაობა მძიმე ტექნიკით. როგორც მოგახსენეთ, გუშინ ნიადაგმა მოგვცა გარკვეული საშუალება გარკვეულ ლოკაციებზე, თუმცა დაახლოებით ორი მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, სიღრმე, სადაც შეიძლება, რომ ვეძებოთ, არის მეტრ-ნახევარი, ორი მეტრი. საუბარია კალაპოტის, ასე ვთქვათ, მშრალ მონაკვეთებზე. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, 18 სექტორს მოიცავს ეს ყველაფერი, თუმცა უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს სტიქიის ეპიცენტრიდან კილომეტრნახევრიან პერიმეტრზე. ამ ეტაპზე სამი ცხედარია იდენტიფიცირების გარეშე, დღის ბოლოს ველოდებით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში 27 მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი, ექვს ადამიანს კი ეძებენ.