თემურ მღებრიშვილი - რასაც ახლა მაშველები აკეთებენ, იმაზე მეტს ვერტმფრენი ვერ გააკეთებს რელიეფიდან გამომდინარე, გათენებისთანავე განახლდება სამუშაოები, დაგვემატება ორი ვერტმფრენი
ასეთ რთულ ხეობაში, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, გაჭირდებოდა მუშაობა, იქნებოდა არასწორი და გაუმართლებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება სტიქიის ეპიცენტრში.
„მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. რამდენიმე ათეული ადამიანი, როგორც სახანძრო, ასევე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება უსაფრთხო ტერიტორიაზე. ასევე, შემოდის ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. სულ ახლახან, საბედნიეროდ, რამდენიმე ადამიანი მამისონის სექტორში ჩვენს მეხანძრეებთან არის მისული. ღამის განმავლობაში კიდევ გაიფილტრება ინფორმაციები. უნდა ვიმედოვნოთ, რომ გამოჩნდება ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. ჩვენი ინფორმაციით, მათ შორის მცირეწლოვნები არ არიან“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
რაც შეეხება ვერტმფრენის ადგილზე მისვლის დროსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თემურ მღებრიშვილის თქმით, შეტყობინების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიგეგმა ვერტმფრენების სამაშველო სამუშაოებში ჩართვა.
„ინფორმაცია ინციდენტის შესახებ შემოვიდა 15:10 საათზე. დაუყოვნებლივ დაიგეგმა ვერტმფრენების ჩართვა. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. გარდა ამისა, ამინდმა შეგვიშალა ხელი. თუმცა, მფრინავების მართლაც რომ გმირობის ფასად, შემოაღწია ხეობაში ვერტმფრენმა და დაიწყო ევაკუაცია. რაც შეეხება ვერტმფრენის ასეთ პერიოდში გამოყენებას, დამერწმუნეთ, ასეთ რთულ ხეობაში, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, გაჭირდებოდა მუშაობა, იქნებოდა არასწორი და გაუმართლებელი. ამას გარდა, რასაც ახლა იქ მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, დამერწმუნეთ, იმაზე მეტს ვერტმფრენი ვერ გააკეთებს, რთული რელიეფიდან გამომდინარე. გათენებისთანავე, დილის 06:00 საათიდან განახლდება სამუშაოები. ამას გარდა, დაგვემატება ორი ვერტმფრენი. აქტიურად გაგრძელდება სამუშაო. მთავარია, ამინდმა შეგვიწყოს ხელი“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.