თემურ მღებრიშვილი - ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილებას
დღის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გვაქვს მაქსიმალურად გადატანილი ყურადღება, სადაც, თეორიული გამოთვლებით, უფრო მაღალია ცხედრის აღმოჩენის ალბათობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.
„გუშინ გვქონდა შეხვედრა ოჯახის წევრებთან. დავგეგმეთ, რომ დღეს ვერტმფრენის საშუალებით შეგვეყვანა სტიქიის ზონაში და საკუთარი თვალით ენახათ, რა რთული და მძიმე მდგომარეობაა შიგნით. ამჟამად მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. პარალელურად, დღის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გვაქვს მაქსიმალურად გადატანილი ყურადღება, სადაც, თეორიული გამოთვლებით, უფრო მაღალია ცხედრის აღმოჩენის ალბათობა. მოხერხდა დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა. ჩვენთან ერთად, ძირითადად, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრები იყვნენ და მათთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ ბოლო კონტაქტები, სად იმყოფებოდნენ, რა პერიმეტრზე.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს გადაადგილებას მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, კიდევ უფრო მეტად გაზრდის შრომის ნაყოფიერებას, რათა მეტ ადგილზე შევიდეთ და ტრაქტორის საშუალებით ფრთხილად ვიმუშაოთ“, – აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, ხოლო 25 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.