თემურ მღებრიშვილი - დღეს სამაშველო სამუშაოები რვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა, მუშაობა გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა. როგორც თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეხანძრე-მაშველები სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ. მისი თქმით, დღეს მაშველები რვა ლოკაციაზე მუშაობდნენ, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც სხვადასხვა ნივთის ფრაგმენტები იქნა ნანახი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის, მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა, მიუსამძიმრა ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.
„პირველ რიგში, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი ვუთხრა ჩვენი გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, რომელიც უეცრად გარდაიცვალა დღეს საღამო ხანს. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა და გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს, აქტიურად გრძელდება. დღეს დაახლოებით ორი საათის უკან ახალი ლოკაცია გავაკეთეთ, სადაც დაიწყო საძიებო სამუშაოები. აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები, რაც გახდა საფუძველი. შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და ის მონაცემები, რაც სტიქიამდე იყო, გვაძლევს საფუძველს, რომ იქ გარკვეული, ასე ვთქვათ, შედეგები შეიძლება, გვქონდეს საძიებო კუთხით. დღეს რვა ლოკაციაზე ვმუშაობდით. მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება გზებს, ორივე მიმართულებით, ფაქტობრივად, დასრულებულია გზა. ე.წ. მჟავე წყლებთან ხიდის რეაბილიტაცია დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ უკვე დასრულდება ხიდის რეაბილიტაცია. ფაქტობრივად, იქ მდინარე უკვე კალაპოტშია მოქცეული და პარალელურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. სამწუხაროდ, მონაცემები დღეს არ შეცვლილა და ისევ იგივე მონაცემებია. ღამის გეგმები ისევ ისე გრძელდება იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, დღესაც გარკვეული ფრაგმენტები იყო ნანახი საოჯახო ნივთების, ადამიანის ტანსაცმლის და იმავე ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს ისევ საძიებო სამუშაოები“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
თემურ მღებრიშვილმა იმ ვერტმფრენებზეც გააკეთა კომენტარი, რომელთა შესყიდვის პროცედურებიც დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მომწოდებელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ ერთ ახალ სამაშველო ვერტმფრენს ქვეყანა მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღეს.
„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, მოწესრიგებულია ფორმა, განახლდა სპეციალური ტექნიკა და ავტოპარკი, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
„მაშველის ხელფასი არის 1500 ლარამდე. გარდა ამისა, გაუმჯობესდა მაშველების სოციალური პაკეტი. მოწესრიგდა კვების საკითხი, ფორმა, ჩაცმულობა, სპეციალური ტექნიკა. ათი ახალი სახანძრო მანქანა უკვე შეძენილია და წლის ბოლომდე უნდა მოგვაწოდოს მომწოდებელმა. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტები – ამ ეტაპზე ორი შენობა უკვე სრულდება და მიმდინარეობს კიდევ სამი ახალი შენობის მშენებლობა. დღეს ანაზღაურებაზე საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ჩვენი გმირი მაშველები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ჯანმრთელობის და რისკის ფასად, ვფიქრობ, რომ ცოტა არ იყოს, უადგილოც არის. რაც არ უნდა იყოს ანაზღაურება, ის, რაც გასაკეთებელია ჩვენი სამსახურის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ეს არის გასაკეთებელი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.