თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების არეალი ხვალიდან კიდევ უფრო გაფართოვდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ცოტა ხნის წინ პროზექტურაში მოხდა ერთი გარდაცვლილის იდენტიფიცირება.
მისივე თქმით, სტიქიის ზონაში ინტენსიურად გრძელდება ძებნითი სამუშაოები, რომლებიც დღეს ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა, ხვალ კი სამუშაოების არეალი უფრო გაფართოვდება.
„რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში მოხდა ერთი გარდაცვლილის იდენტიფიცირება. ეს არის ბოლო მონაცემი, რაც შეიცვალა სტატისტიკურად. გრძელდება 24-საათიანი ინტენსიური ძებნითი სამუშაოები სტიქიის ეპიცენტრში. დღეს გავაფართოეთ ძებნის არეალი, ეს გამოწვეული იქნა იმით, რომ მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი ხიდი. შესაბამისად, მოხდა მეტი რაოდენობის მძიმე ტექნიკის შეყვანა და ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება, ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გვეწარმოებინა ძებნითი სამუშაოები. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ვვარაუდობთ, რომ უფრო მეტად გავზრდით არეალს და ვფიქრობთ, კიდევ დავამატებთ საძიებო სამუშაოების რამდენიმე ლოკაციას. 400 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, თავდაცვის სამინისტროს 200 ჯარისკაცი, ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ არეალი გავზარდოთ. ხვალიდან ველოდებით, რომ უფრო გავაფართოოთ“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
თემურ მღებრიშვილის განმარტებით, ე.წ. კოტეჯების ტერიტორიაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, როგორც ტექნიკით, ისე ცოცხალი ძალის მეშვეობით.
„რა თქმა უნდა, აქ შესვლა მოხერხდა. ვმუშაობთ როგორც ტექნიკით, ასევე ცოცხალი ძალით. გარდა ამისა, მდინარეზე რამდენიმე ადგილზე მოწყობილია მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც მორიგეობენ იმის გათვალისწინებით, რომ არ არის გამორიცხული, მდინარის მიერ მოხდეს გარდაცვლილი ადამიანების გამორიყვა ეპიცენტრიდან. ამ მიმართულებითაც მაქსიმალურად გვაქვს კონტროლი დაწესებული.
ამ ეტაპზე, საბედნიეროდ, ამინდის გაუარესებას არ ველოდებით და ამიტომ ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს პერიოდი, ისედაც ბევრი ფაქტორია ხელის შემშლელი, რომელიც გვირთულებს საძიებო სამუშაოებს. ვფიქრობთ, ამინდმა ცოტა ხნით კიდევ ხელი უნდა შეგვიწყოს.
რაც შეეხება ავიაციას, მორიგეობენ, მობილიზებული არიან ონში, დღის განმავლობაში ხდება გარკვეული სახის ღონისძიებების ჩატარება, რაზეც ვრთავთ ავიაციას. დღევანდელი ღონისძიებით აღმოიფხვრა კავშირგაბმულობის პრობლემა“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.