თემურ კეკელიძე - აშშ აძლიერებს საქართველოს საზღვარს, რისი დადასტურებაცაა „აილენდის“ კლასის ორი ხომალდის გადმოცემა
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას, – ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მხარდაჭერის ნათელი მაგალითია „აილენდის“ კლასის ორი ხომალდის გადმოცემა.
„ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებაში ისევე, როგორც ევროატლატიკური ინტეგრაციის პროცესში. დოკუმენტში აღნიშნულია შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი სამხედრო ბალანსი და ამ კონტექსტში გათვალისწინებულია საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაზე ნატო-ს და სხვა ტიპის მრავალეროვნული სწავლებების რაოდენობისა და სიხშირის გაზრდა.
მიმდინარე წლის ბრიუსელის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, განავითაროს საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
სწორედ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა წარმოადგენს წამყვან ქვედანაყოფს, რომელსაც ეკისრება აღნიშნული ინიციატივების განხორციელება ისევე, როგორც ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარება.
ამ პროცესში ხაზგასასმელია ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული როლი საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში, რისი მკაფიო დადასტურებაა მათი მხრიდან „აილენდის“ კლასის ორი ხომალდის გადმოცემა. ეს ხომალდები სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებენ“, – განაცხადა თემურ კეკელიძემ.