თემურ ჯანაშია - დღეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაცია, ვიდრე ის პრინციპი, რის გამოც ხელი არ მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს
დღეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაცია, ვიდრე ის პრინციპი, რის გამოც ხელი არ მოვაწერეთ დოკუმენტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მომავალი ევროატლანტიკურ კურსთან არის დაკავშირებული.
იმედი მაქვს იმის, რომ ქართველი ხალხი ისევ გააკეთებს ევროპულ არჩევანს, ქვეყნის განვითარება, მიზანსწრაფვა დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და არა რომელიმე პარტიის ნება-სურვილზე. ეს რეფერენდუმი არავის გაუუქმებია, ეს არის ქართველი ხალხის ნება, ამ რეფერენდუმზე მიიღებს ქართველი ხალხი მონაწილეობას და ისევ დაამტკიცებს, რომ საქართველოს მომავალი არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ კურსთან“,- განაცხადა ჯანაშიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.