თემურ ჯანაშია - სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ნიშნავს სხვა კრიმინალებთან ერთად ციხის ერთ კედლებში ყოფნას, რაც კიდევ ერთხელ იქნება პრეზიდენტზე ზეწოლა
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას დაინტერსდა, როგორ მოახერხა მან ფანჯარასთან მისვლა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა მოკლედ უპასუხა, რომ – მოახერხა. თემურ ჯანაშიას გამარტებით, საუბრისას მთავარი იყო ის გზავნილი, რომელიც უნდა გადაეცა სააკაშვილს საზოგადოებისთვის, რომ მას უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი.
„მეც დავინტერესდი, როგორ მოახერხა ფანჯარასთან მოსვლა და მოკლედ მითხრა, რომ მოახერხა. მთავარი იყო გზავნილი, რაც უნდოდა, გადმოეცა საზოგადოებისთვის. ეს გზავნილი იყო, რომ მას უყვარდა მთელი საქართველო და ქართველი ხალხი. ეს იყო ნიშანი, რაც გადმოგვცა და თავისი ემოციები. სავარაუდოდ, ეს არ იყო თავისი საკანი, სხვა დანიშნულების საკანია“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
რაც შეეხება ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს, თემურ ჯანაშიას თქმით, „სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ნიშნავს სხვა კრიმინალებთან ერთად ციხის ერთ კედლებში ყოფნას, რაც კიდევ ერთხელ იქნება პრეზიდენტზე ზეწოლა, რომელიც დღემდე გრძელდება“.
„ვნახეთ, ტელევიზორის საშუალებას არ აძლევდნენ, მნახველებს უზღუდავდნენ. დღესაც, ნაწილი პარლამენტის წევრებისა ვერ ახერხებს მასთან შეხვედრას. თვითონაც წინააღმდეგია, გადავიდეს ციხის საავადმყოფოში. მე ვთვლი, რომ ციხის საავადმყოფოში ვერ მიიღებს იგი კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. გამოიყურება ძალიან მხნედ, არის ჩვეულებრივ დიდი შემართებით. შიმშილობა თავის დაღს დაასვამს. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერი შემინიშნავს. ერთადერთი, რაც არის, წონაში კლება უკვე ეტყობა“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.