თემურ ბოლოთაშვილი - ქალაქში განაშენიანების კუთხით პრობლემებია, მაგრამ რეფორმებზე ფიქრი დავიწყეთ
ქალაქში განაშენიანების კუთხით პრობლემები არსებობს, მაგრამ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის დღიდან ინსტიტუციურ და საკანონმდებლო რეფორმებზე ფიქრი დავიწყეთ, რაც კონკრეტული ტიპის შეზღუდვებთან იქნება დაკავშირებული, – ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„არსებული ზონირება, რომელიც კონკრეტულ პარამეტრებსა და უფლებას საზღვრავს, თუ როგორ უნდა განვითარდეს თითოეული მიწის ნაკვეთი აღნიშნული ზონის ფარგლებში, იმ კონკრეტულ შესაძლებლობებზეა გათვლილი, რის საშუალებასაც ზონა გვაძლევს. შესაბამისად, როცა დადგენილი პარამეტრებიდან გადახვევა ხდება, დასაბუთების ხარისხი განსაკუთრებული უნდა იყოს“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.
მისი თქმით, როცა მოქალაქეების მიერ გაცემული აქტი საჩივრდება, უპირველესად, მას თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ანუ, მუნიციპალიტეტის მერი განიხილავს.
„შესაბამისად, ხდება გადაწყვეტილების მიღება, გაუქმდეს თუ არა ნებართვის გაცემის თაობაზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. აქტის ძალაში დატოვების შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა რჩება და დავა სასამართლოში ინაცვლებს“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.
როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, არსებობს კანონმდებლობა, რომელიც შესაბამის სამსახურებს ნებართვის გაცემის პროცესში კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის დაცვას ავალდებულებს.
„შესაძლოა, წლების განმავლობაში ნებართვა ბევრ პრობლემურ მშენებლობაზე გაიცა, თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ მომავალში შეცდომები არ დავუშვათ, დაგეგმილი რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თემურ ბოლოთაშვილმა.