თემურ ბოლოთაშვილი - პირები, რომლებიც მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს ააშენებენ, სანებართვო მოსაკრებლის სახით მეტ თანხას გადაიხდიან
პირებს, რომლებიც იღებენ მშენებლობის ნებართვას მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისათვის, მრავალფუნქციური კომპლექსისთვის, ბუნებრივია, მოუწევთ მეტი თანხის გადახდა სანებართვო მოსაკრებლის სახით, – ამის შესახებ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობის ახალი წესით განსაზღვრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონით, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის პირებს ერთნაირი ოდენობის მოსაკრებელი ეკისრებათ და აღნიშნავს, რომ დღევანდელი სისტემა ძალიან უსამართლოა.
„ეს იქნება ადეკვატური იმ დანახარჯების, რაც აქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობების ინსპექტირების და შენობების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. ცვლილების მიზანია, მუნიციპალიტეტში შევიდეს ადეკვატური თანხები. დღევანდელი სისტემა ძალიან უსამართლოა და ამჟამად მოქმედი გადასახადი არაადეკვატურად მცირეა. დღეს მოქმედი კანონით, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის პირებს ერთნაირი ოდენობის მოსაკრებელი ეკისრებათ. ჩვენ ვესაუბრეთ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და მათგან რაიმე წინააღმდეგობა არ მიგვიღია. საკითხი რომ დარეგულირებას საჭიროებს, ამაზე ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა თემურ ბოლოთაშვილმა.
მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებელის ოდენობა ახალი წესით განისაზღვრება, რომლის გათვალისწინებით, სხვადასხვა ფართობის შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განსხვავებულად დაწესდება.