თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელმაც ტერიტორიის განვითარების პერსპექტივა განსაზღვრა.
„არსებული პარკების მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია, მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ქალაქში უნდა აშენდეს ახალი საქალაქო პარკები, რაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის რჩევაც იყო. თემქის ხევში, რომელიც 20 ჰექტარზეა გადაჭიმული, ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა, უკვე გვაქვს გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის დასკვნები. ეს ადგილი განისაზღვრა იმისთვის, რომ აქ ავაშენოთ ახალი საქალაქო პარკი. მართლაც ულამაზესი ადგილია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ძალიან მაგარი პარკი გამოვა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საფეხმავლო და ველობილიკებით, დასასვენებელი ადგილებით, საბავშვო სივრცეებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ კონკურსზე წინადადებების წარდგენა 17 ივნისს დასრულდება, პროექტის ღირებულება კი 413 000 ათას ლარს შეადგენს.