თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭს მომავალ სასესიო კვირას უყრიან
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭს მომავალ სასესიო კვირას უყრიან

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელეს. საკითხს კენჭს მომავალ სასესიო კვირას უყრიან.

სხდომაზე საკითხი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა წარადგინა. დეპუტატის თქმით, კომისიის შექმნას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ითხოვს.

„იმ პოზიციას ვიზიარებთ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოჯახმა დააფიქსირეს, რომ გამოძიების პროცესი რეალურად არ მიმდინარეობს და ეს არის მხოლოდ ფორმალობა. ერთადერთი გზა სიმართლის დასადგენად, რატომ დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი, დროებითი საგამოძიებო კომისიაა. ასევე, საქმეში იკვეთება ის საკითხები, რაც უკავშირდება სახელმწიფო უწყებების მუშაობას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე.

კომისიის შექმნას ბევრად უფრო მეტი დატვირთვა ექნება, ვიდრე ერთი საქმის შესწავლაა. ვხედავთ, კომისიის შექმნას სახელმწიფო როგორ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.