სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიებას შუამავლის როლს სთავაზობს, რათა მოხდეს ოჯახისთვის იმ მასალების წარდგენა, რომელიც დაადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტულ საქმიანობაში ჩატაევის დაჯგუფებისთვის ხელშეწყობის ფაქტს.
ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პანკისის ხეობის სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნინო ლომჯარიას თქმით, ბევრი კითხვა არსებობს საქმეში, თუნდაც ხელყუმბარასთან დაკავშირებით.
მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ომბუდსმენს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ოჯახმა კიდევ ერთხელ გაიხსენა სპეცოპერაციის ღამის დეტალები, თემირლანის დაჭერისა და შემდეგ საავადმყოფოში დაგვიანებით გადაყვანის დეტალები.
თავის მხრივ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სახალხო დამცველისგან არანაირი რეკომენდაცია არ მიუღია.
„სახალხო დამცველთანაც გავიმეორე, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და გომელაურის უწყებამ პასუხი უნდა აგოს ჩადენილზე. მინდა შევხვდე გომელაურს და მისგან მოვისმინო, რატომ ავრცელებს ამდენ სიბინძურეს“, – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პანკისის ხეობაში მყოფი სახალხო დამცველი დღეს შეხვედრებს ხეობის ადგილობრივებთან და უხუცესებთანაც გამართავს.