ტელევიზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
ტელევიზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

ტელევიზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

53-ე საჯარო სკოლისა და „XXI საუკუნის“ მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ტელე-რადიოსტუდიები დაათვალიერეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა მათ დეტალურად გააცნეს მედიის მუშაობის სპეციფიკა. ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პირველი არხის სპორტული გადაცემის – „ტაიმაუტი“ სტუდიამ.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, ამ თაობისთვის ტელევიზია განსხვავებული მედიუმია, რადგან ისინი, ძირითადად, მაინც ონლაინმედიას იყენებენ.

„მსოფლიო ტელევიზიის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე სკოლას ვუმასპინძლეთ. ზოგადად, ამ თაობისთვის ტელევიზია განსხვავებული მედიუმია, რადგან, ძირითადად, მაინც ონლაინმედიას იყენებენ. თუმცა, მომავალი პროფესიის არჩევისთვის, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მოვიდნენ და ნახონ, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები. ნახონ, რა არის ეს პროფესია. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ გადავდივართ ამ შენობიდან, ძველი ტელევიზია მათ მეხსიერებაში დარჩეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზაობას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, სხვა სკოლებსაც უმასპინძლოს.

21 ნოემბერს ტელევიზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. გაერო-ს ყოველწლიური ინიციატივის ფარგლებში, ამ დღეს ტელევიზიები მთელი მსოფლიოდან ერთიანდებიან და 30-წამიან ვიდეორგოლს ათავსებენ ეთერში, რათა შეგვახსენონ ტელევიზიის ძალა ადამიანების ცხოვრებაში.

1996 წელს გაერო-მ თავის წევრ ქვეყნებს ტელევიზიის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა. ამისთვის შეარჩიეს 21 ნოემბერი, ტელევიზიის პირველი მსოფლიო ფორუმის ჩატარების თარიღი.