„ტელესკოლაში“ ორი ახალი გადაცემა, „ლიტერატურული ფრაგმენტები“ და „ჩემი საქართველო“ იწყება
„ტელესკოლაში“ ახალი გადაცემები, „ლიტერატურული ფრაგმენტები“ და „ჩემი საქართველო“ იწყება. „ლიტერატურული ფრაგმენტები“ არის ორი ცნობილი ლიტერატორის, ვასილ მაღლაფერიძისა და გია მურღულიას საუბრები ქართული მწერლობის კლასიკური ძეგლების შესახებ, ჰაგიოგრაფიიდან თანამედროვე ტექსტებამდე. „ჩემი საქართველო“ კი არის ვასილ მაღლაფერიძის საავტორო გადაცემა, რომელიც მაყურებელს საშუალებას მისცემს, ავტორთან ერთად იმოგზაუროს, უკეთ გაიცნოს საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, მოისმინოს საინტერესო ამბები ჩვენი ქვეყნის შესახებ.
„ლიტერატურული ფრაგმენტების“ მიზანია, კლასგარეშე საუბრები ლიტერატურაზე, თუმცა ნამდვილ ლიტერატურას კლასგარეშე და კლასის შიგნით დაყოფა შეიძლება, დიდად არ „უყვარდეს“. ადამიანები უნდა მივეჩვიოთ ლიტერატურაზე თავისუფლად მსჯელობას, აზრის გამოხატვას და, რაც მთავარია, ლიტერატურით ტკბობას. ლიტერატურა შექმნილია ადამიანების შემეცნებისთვის და არა ტანჯვისთვის, არა იმისთვის, რომ ბევრი საზეპირო ვისწავლოთ. პროექტი საინტერესო იქნება არა მარტო უფროსკლასელთათვის, არამედ ლიტერატურით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის. გადაცემაში ვცდილობთ, რომ თავისუფლად, ტკბობით იქნას აღქმული ის მშვენიერება, რაც ქართულ ლიტერატურაშია. რაც შეეხება მეორე პროექტს, ეს არის „ჩვენი საქართველო“. ამას მარტო გავუძღვები. გადაცემაში იქნება საუბრები გეოგრაფიაზე, ისტორიასა და თანამედროვეობაზე. სახელწოდება მიუთითებს, თუ რაზეა გადაცემა – როგორ ჩნდებოდა ჩვენი სახელმწიფო. ვფიქრობ, მაყურებელთან ერთად ბევრ რამეს აღმოვაჩენთ. საქართველოს თითოეული კუთხე არის ორიგინალური, ერთმანეთისგან განსხვავებული, ერთი დიდი, საერთო საწყისით და საზრისით გაერთიანებული. ფაქტობრივად შეუცნობელია, რაც არ უნდა შეიმეცნო, გგონია, რომ უკვე ნახე, მაგრამ კიდევ მეტია სანახავი. აი, ეს ინტერესი უნდა გავაღვიძოთ. უცხოელები კარგად მიხვდნენ, რა საინტერესო ქვეყანაა საქართველო. ჩვენც თანდათან, ხუმრობით რომ ვთქვა, უნდა ავუბათ მხარი უცხოელებს საკუთარი ქვეყნის შესწავლაში, ყოველ ნაბიჯზე იგებ ახალ ამბავს, ახალ ლეგენდას, თქმულებას“,- აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.