„ტელესკოლამ“ მაღალი გარჩევადობის ვიდეოსიგნალით დაიწყო მაუწყებლობა
„ტელესკოლამ“ მაღალი გარჩევადობის ვიდეოსიგნალით დაიწყო მაუწყებლობა

„ტელესკოლამ“ მაღალი გარჩევადობის (HD) ვიდეოსიგნალით დაიწყო მაუწყებლობა. არხის HD ხარისხით მიღება მაყურებელს უკვე შეუძლია როგორც ტერესტრიალური, ასევე საკაბელო მაუწყებლობის საშუალებით.

„საქართველოს პირველი არხი ტექნიკური გადაიარაღების პროცესს ფაქტობრივად ასრულებს. შესაბამისად, მაყურებლისთვის უკვე თვალსაჩინო ხდება ის შედეგები, რაც ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ნაწილში შევცვალეთ და განვაახლეთ. საქართველოს პირველი არხი „ტელესკოლა“ გახსნიდან მეორე წელს HD ხარისხით მაუწყებლობს. ამჟამად კი, გარდა არხის არსებული პროგრამირებისა, მაყურებელს საშუალება ექნება, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს „პეკინი 2022“ ადევნოს თვალყური, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად გთავაზობთ პირველ არხზე, პირველ არხზე „ტელესკოლა“ და ჩვენს აპლიკაციაში 1TVPLAY“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

მარტში „ტელესკოლის“ შექმნიდან ორი წელი შესრულდება. 2020 წელს საფუძველი ჩაეყარა არხს, რომელმაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დროს, განათლების სამინისტროსთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისთვის უპრეცედენტო პლატფორმა შექმნა.

საგანმანათლებლო ტელეარხი მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს, სხვადასხვა ასაკის მაყურებელს კი მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. არხის ეთერი მოიცავს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილებს. გარდა სასკოლო პროგრამისა, „ტელესკოლა“ მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო და შემეცნებით კლასგარეშე გაკვეთილებსა და დოკუმენტურ ფილმებს. „ტელესკოლის“ ეთერი ეთმობა გაკვეთილებს არაქართულენოვანი სკოლებისთვის, ასევე ჟესტური ენის გაკვეთილებს.

საგანმანათლებლო არხს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. „ტელესკოლის“ 2021 წლის პროგრამული განვითარების სტრატეგია საყოველთაოდ აღიარებულ STEM და SOFT SKILLS სწავლების სისტემებს ეფუძნება და ახალგაზრდებში ტექნოლოგიური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.