ახალი თაობა ციფრულ საშუალებებზეა ორიენტირებული, ამიტომ საქართველოს პირველი არხი ოლიმპიადას აპლიკაციაში 1TVplay შემოგთავაზებთ.
პირველი არხი – ტელესკოლა იწყებს „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადას V-VI კლასელებისთვის“. პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, სრულიად უფასოდ ჩაერთონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. ოლიმპიადა სტარტს ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე აიღებს. ვინაიდან ახალი თაობა „ომნიმედიურ“ და ციფრულ საშუალებებზეა ორიენტირებული – ახალ ამბებსა და ინფორმაციას იღებს სხვადასხვა წყაროდან, პლატფორმიდან, საინფორმაციო სააგენტოებიდან, საზოგადოებრივ მედიას სწრაფად განვითარება სჭირდება, რათა ახალ და მუდამ ცვალებად გარემოში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. სწორედ ამიტომ ოლიმპიადას საქართველოს პირველი არხი აპლიკაციაში 1TVplay შემოგთავაზებთ (Appstore; playstory). ოლიმპიადის ყველა გამარჯვებულს გადაეცემა პრიზები.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა (საჯარო და კერძო) სკოლის 𝑉-𝑉𝐼 კლასის მოსწავლეებს. აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და არასტანდარტული შინაარსის ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებას.
პროექტის ფარგლებში, სულ ჩატარდება ათი ონლაინგაკვეთილი, რომელიც პირველი არხი – ტელესკოლის ეთერში შაბათს გადაიცემა. თითოეულ ონლაინმეცადინეობაზე განხილული იქნება მათემატიკის საოლიმპიადო, არასტანდარტული თემატიკის შემცველი თეორია და შესაბამისი პრაქტიკული რამდენიმე ამოცანა. პარალელურად მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაერთონ ონლაინოლიმპიადაში, რომელიც სამ ეტაპად მიმდინარეობს.
პირველი ეტაპი: ოლიმპიადის პირველი ეტაპი გულისხმობს ოთხი კვირის განმავლობაში გამართულ ხუთ ონლაინტურს. ერთი ტური გაიმართება სატესტო რეჟიმში, ოთხი ტური კი, უშუალოდ ონლაინოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია. თითოეულ ონლაინტურში გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი, რომლებიც ავტომატურად მოხვდებიან ნახევარფინალში. გარდა იმ კონკურსანტებისა, რომლებიც პირდაპირ ნახევარფინალში გააგრძელებენ ოლიმპიადას, ნახევარფინალში გადავლენ ონლაინტურების საერთო რეიტინგის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები. ჯამში ნახევარფინალში მონაწილეობას გააგრძელებს 100 კონკურსანტი.
მეორე ეტაპი: მეორე ეტაპზე – ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს ონალინტურში შერჩეული 100 კონკურსანტი. აღნიშნული ეტაპი გაიმართება სასწავლო დაწესებულებაში. ნახევარფინალში გამოვლინდება საუკეთესო 30 მოსწავლე.
მესამე ეტაპი: მეორე ეტაპზე გამარჯვებული მოსწავლეებისთვის (სულ 30) გაიმართება ოლიმპიადის მესამე, ფინალური ტური და შესაბამისად, გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებულები – 10 საუკეთესო კონკურსანტი. მათგან პირველ ხუთს საჩუქრად გადაეცემა:
1. MacBook air 18
2. iPhone air
3. iPhone mini
4. iPhone SE
5. iPhone SE
მეორე ხუთეულის წევრებს კი, გადაეცემათ ელექტრონული წიგნის წამკითხავები Kindle.
ონლაინ ოლიმპიადის ჩატარების თარიღები
სატესტო ტური – 2 აპრილი
I საოლიმპიადო ტური – 9 აპრილი
I I საოლიმპიადო ტური – 16 აპრილი
I I I საოლიმპიადო ტური – 23 აპრილი
I V საოლიმპიადო ტური – 30 აპრილი
ნახევარფინალი – 14 მაისი
ფინალი – 28 მაისი
- რეგისტრაცია
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია დღეიდან. პროექტში ჩართვის სურვილის მქონე მოსწავლემ რეგისტრაცია უნდა გაიაროს აპლიკაციაში 1TVplay, ოლიმპიადისთვის სპეციალურად შექმნილ სექციაში, რომლის შედეგადაც მას ენიჭება უნიკალური ნომერი 𝑼𝒔𝒆𝒓𝒏𝒂𝒎𝒆 და კოდი შემდგომი 𝑳𝒐𝒈 𝒊𝒏-ისთვის. რეგისტრაციის გავლის გზამკვლევის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე
აპლიკაციაში 1TVplay გარდა ოლიმპიადის სასტარტო ტურებში მონაწილეობისა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ტელესკოლის არქივს და აპლიკაციისთვის შექმნილ სხვადასხვა უნიკალურ კონტენტს.
- ყოველკვირეულ ოლიმპიადაში მონაწილეობა
მას შემდეგ, რაც ონლაინ მეცადინეობა ჩატარდება შაბათს, მოსწავლეებს ეცნობებათ, რომ იმავე საღამოს 17:00-დან 20:00-მდე მათ საშუალება ექნებათ, ჩაერთონ იმ კონკრეტული კვირის (და პარალელურად, საერთო, ჯამური რეიტინგის) ოლიმპიადაში. კერძოდ, ზემოაღნიშნული დროის შუალედში მოსწავლე თავისი 𝒖𝒔𝒆𝒓𝒏𝒂𝒎𝒆-ით შედის სიტემაში, იწყებს ტესტირების პროცესს და ასრულებს მიცემულ დავალებებს არაუმეტეს 45 წუთში.
დროის გასვლის შემდეგ მას აღარ ექნება სისტემაში თავიდან შესვლისა და პასუხების გადასწორების საშუალება, რადგან ტესტირების დაწყებიდან 45 წუთის გასვლის შემდეგ პროგრამა თავად წერს „ქულას“, რომელიც შემდგომში აღარ გადასწორდება (გაითვალისწინეთ, რომ პროგრამა გაითიშება 20:00-ზე, ამიტომ ტესტირების დასაწყებად შეარჩიეთ ისეთი დრო, რომ 20:00 საათამდე მოახერხოთ ტურის დასრულება).
- ოლიმპიადის ჩატარების სქემა
ყოველკვირეულ ოლიმპიადაში მონაწილეობისას, მოსწავლე იწყებს ტესტირებას და მისი ელექტრომოწყობილობის ეკრანზე ჩნდება დავალება – სულ ხუთი ამოცანა.
თითოეული ამოცანის ამოხსნის შემდეგ მოსწავლეს აქვს საშუალება, დააფიქსიროს (ჩაწეროს) პასუხი, სპეციალურ უჯრაზე დაკლიკებით დაასრულოს ამ ამოცანის ამოხსნის პროცესი და გადავიდეს შემდეგ ამოცანაზე. როცა მოსწავლე ხუთივე ამოცანის ამოხსნას დაასრულებს და ამას დაადასტურებს „ტესტირების დასრულება“-ზე დათანხმებით (ან ტესტირებისთვის საჭირო დრო ამოეწურება), პროგრამა პირდაპირ დაწერს ქულას და დროს, რომელიც ტესტირებისას მოსწავლემ დახარჯა და ამით ეს პროცესი დამთავრდება.