ტელეკომპანია „კავკასიასთან“ მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები იმ ტელეკომპანიებს, რომელთაც გადასახადების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედოთ, მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ხელისუფლება ყველა იმ ტელევიზიას აჩუმებს, რომლებიც მათ საქმიანობას კრიტიკულად აშუქებს.
„სჯის ტელეკომპანიებს და ყველა იმ ტელევიზიას, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ და აშუქებს იმას, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში. ყველა იმ მედიასაშუალებას დავიცავთ, რომელიც საზოგადოების ინტერესს ემსახურება“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
მხარდასაჭერ აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამიაც შეუერთდნენ.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.
ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.