ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილმა მასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტზე სარჩელი „ბიბისიში“ შეიტანა
ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილმა მასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტზე სარჩელი „ბიბისიში“ შეიტანა.
როგორც „ფორმულას“ დირექტორმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, საჩივარი უშუალოდ „ბიბისიშია“ გაგზავნილი, რომელშიც მოთხოვნილია „სიუჟეტში გასული ფაქტების უარყოფა“.
გუმბარიძის თქმით, ბრიტანული პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოში წასვლამდე ჯერ მაუწყებლის იურიდიულ დეპარტამენტს უნდა მიმართო.
გუშინ ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. „ფორმულას“ ინფორმაციით, კეზერაშვილი აცხადებს, რომ „ბიბისის“ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.