ტელეკომპანია „ენბისის“ გამოკითხვის მიხედვით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ხუთი პროცენტით უსწრებს
„ენბისის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მიხედვით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი რესპუბლიკელ მეტოქეს, დონალდ ტრამპს ხუთი პროცენტით ასწრებს. მედიის ცნობით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტები უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ ჰარისის მიმართ მას შემდეგ, რაც ის დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა.
კვლების თანახმად, 1 000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 48%-მა დადებითად შეაფასა ჰარისი, ივლისში ეს მაჩვენებელი 32% იყო. ტრამპის შემთხვევაში, გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ დადებითად არის განწყობილი მის მიმართ, ივლისში ეს მაჩვენებელი 38% იყო.
გამოკითხვა ჩატარდა 13-17 სექტემბერს და ცდომილება სამ პროცენტს შეადგენს.
„სიბიეს ნიუსის“ გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ჰარისი ოთხი პროცენტით ასწრებს ტრამპს. ამ შემთხვევაში ცდომილება ორი პროცენტია. როგორც ამერიკული მედია წერს, ეს შედეგები შეესაბამება ბოლო პერიოდში ჩატარებული სხვა გამოკითხვების შედეგებს, რაც მიუთითებს, რომ 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატებს შორის დაძაბული ბრძოლა გაიმართება.