„ტელეგრაფი“ - ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატო-სგან „შეუძლებელი“ არ მოითხოვოს
„ტელეგრაფის“ ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატო-სგან „შეუძლებელი“ არ მოითხოვოს. როგორც გამოცემა წერს, უკრაინას ნატო-ს წლევანდელ სამიტზე არ ექნება წინსვლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, რუსეთთან ომში ნატო-ს შესაძლო ჩათრევის საფრთხის გამო.
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, გერმანიამ და აშშ-მა უკვე გამოხატეს თავიანთი წინააღმდეგობა 75-ე სამიტზე კიევისთვის მკაფიო ვადების შეთავაზებასთან დაკავშირებით. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, „შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიასავით შეშფოთებული არ არის, მაგრამ არსებობს გარკვეული ღელვა რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებით ალიანსის სხვა წევრების მიმართ“.
გამოცემა მიიჩნევს, რომ ეს, შესაძლოა, იმედგაცრუება იყოს ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რომელიც დასავლელმა კოლეგებმა გააფრთხილეს, რომ ალიანსისგან არ მოითხოვოს „შეუძლებელი“.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნატო-ს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა „აბსურდული“ უწოდა ვითარებას, როდესაც ალიანსის ლიდერებმა უარი თქვეს, უკრაინა მიეწვიათ ნატო-ს სრულფასოვან წევრად.
როგორც „ტელეგრაფი“ აღნიშნავს, წლევანდელ სამიტზე, რომელიც ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება, უკრაინას კონკრეტული თარიღის განსაზღვრის გარეშე გაწევრიანების კონკრეტულ „გზას“ თუ „ხიდს“ შესთავაზებენ, როგორც პროცესის მიმართ ერთგვარ მხარდაჭერას.