„ტელეგრაფი“ - რიში სუნაკი აშშ-ში ვიზიტს ნატო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბენ უოლასის მხარდაჭერისთვის გამოიყენებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აშშ-ში ვიზიტს გამოიყენებს ბენ უოლასის მხარდაჭერისთვის ნატო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, – ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ორ დღეს გაატარებს და თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდება. მედიის ცნობით, შეხვედრაზე განიხილავენ ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში თანამშრომლობას. ასევე, ისაუბრებენ ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გზებზე.
ბენ უოლასმა უკვე განაცხადა, რომ ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობით დაინტერესებულია. „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს კარგი სამუშაო იქნებოდა. ეს არის, რაც მე მინდა, მაგრამ ასევე მიყვარს ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ“, – განაცხადა უოლასმა.