„ტელეგრაფი“ - ჯო ბაიდენი გაერო-ს უშიშროების საბჭოში ახალი ქვეყნების დამატების ინიციატივით გამოვა
ბრიტანული „ტელეგრაფის“ ცნობით, ჯო ბაიდენი გაერო-ს უშიშროების საბჭოში ახალი ქვეყნების დამატების ინიციატივით გამოვა. როგორც გამოცემა იუწყება, ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.
კირბის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მიმართავს გაერო-ს 193 ქვეყანას თხოვნით, გადახედონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს არქიტექტურას. ბაიდენის აზრით, საბჭოს შემადგენლობა უფრო „ინკლუზიური და ყოვლის მომცველი უნდა იყოს, ვიდრე დღესაა“.
როგორც „ტელეგრაფი“ წერს, ბაიდენს სურს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ხუთი ან ექვსი ახალი მუდმივი წევრი იყოს. კერძოდ, ინდოეთი, ბრაზილია, გერმანია, იაპონია და სამხრეთ აფრიკა.
ამჟამად საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ჰყავს. ესენია: ჩინეთი, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
უშიშროების საბჭოს რეფორმირება საჭიროებს ცვლილებას გაერო-ს წესდებაში და ამისთვის აუცილებელია ხუთივე მუდმივი წევრის თანხმობა.