„ტელეგრაფი“ - დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის გამოყენების ნებართვას არ აძლევს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას არ აძლევს უფლებას, რუსეთის სიღრმეში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები გამოიყენოს.
როგორც „ტელეგრაფი“ წერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნებართვის მისაღებად ლონდონზე ზეწოლას ახდენს, თუმცა ბრიტანეთის მთავრობაში საკითხზე აზრი ჯერ არ შეუცვლიათ.
ამის პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა დასავლელ კოლეგებს, დაუშვან რუსეთის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენება.
„არანაირი ცვლილება არ მომხდარა“, – განუცხადა „ტელეგრაფს“ წყარომ ბრიტანეთის მთავრობიდან.
როგორც გამოცემა წერს, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ ბრიტანეთი ვერ მიიღებს, რადგან Storm Shadow საფრანგეთში მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება პარიზმაც უნდა მიიღოს.
ცნობილია ისიც, რომ კურსკის ოლქზე თავდასხმისას კიევმა შორ მანძილზე მოქმედი ATACAMS-ის ტიპის რაკეტების გამოყენების თხოვნით ვაშინგტონსაც მიმართა და უარი მიიღო.