„ტელეგრაფი“ – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის თავდაცვის უწყებას წინასწარ აფრთხილებდა, რომ ყირიმის სიახლოვეს ბრიტანული სამხედრო გემის გავლა სარისკო იყო
„ტელეგრაფი“ – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის თავდაცვის უწყებას წინასწარ აფრთხილებდა, რომ ყირიმის სიახლოვეს ბრიტანული სამხედრო გემის გავლა სარისკო იყო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ქვეყნის თავდაცვის უწყებას წინასწარ აფრთხილებდა, რომ ყირიმის სიახლოვეს ბრიტანული სამხედრო ხომალდის გავლა რისკის შემცველი იყო, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს.

როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, დომინიკ რააბმა წინასწარ გააფრთხილა ბრიტანეთის მთავრობა, რომ მოსკოვს შეეძლო, ამ ფაქტით ესარგებლა. ტელეგრაფი წერს, რომ ხომალდის მარშრუტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ბორის ჯონსონმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, პირადად გასცა თუ არა ნებართვა სამხედრო გემის მარშრუტთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში „აბსოლუტურად სწორად“ იქცეოდა.

„ბრიტანული ნაღმოსანის შავ ზღვაში გამოჩენა კანონისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვის საშუალებაა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

23 ივნისს რუსეთის თავდაცვის უწყებამ ბრიტანული ნაღმოსანი გემი რუსეთის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შავ ზღვაში მოძრავი ბრიტანული გემის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.

დიდ ბრიტანეთში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.