თელავში ვასილ მაღლაფერიძის ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის, „მეფე ერეკლე - რეპორტაჟი ისტორიიდან“ საპრემიერო ჩვენება მიმდინარეობს
თელავში ვასილ მაღლაფერიძის ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის, „მეფე ერეკლე – რეპორტაჟი ისტორიიდან“ საპრემიერო ჩვენება მიმდინარეობს.
ფილმი მოგვითხრობს მეფე ერეკლე მეორეზე, როგორც პოლიტიკოსზე და მის გამეფებამდე და მეფობის პერიოდში საქართველოს გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, დოკუმენტური ფილმების მიმართულება პირველი არხისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ძალიან მოგვწონს, რომ ჩვენი ფილმების უფრო და უფრო მეტი პრემიერა იმართება რეგიონებში. ძალიან სიმბოლურია, რომ ერეკლე მეფის შესახებ დღეს სწორედ თელავიდან ვუამბობთ ჩვენს პირველ მაყურებელს, ფილმის სატელევიზიო პრემიერა კი 18-19 თებერვალს პირველ არხზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ფილმის დაგეგმვისა და განხორციელების პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. ფილმი ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიგეგმა, მაგრამ, საბოლოოდ, ის ნოვატორული და ახალი ხერხები, რომლებიც ფილმშია გამოყენებული, ვფიქრობ, ამად ღირდა. მაყურებელს კი ძალიან საინტერესო მოგზაურობა ელოდება წარსულში“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
როგორც ფილმის ავტორმა, საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ფილმზე მუშაობა დაიწყო ერეკლე მეორის 300 წლისთავთან დაკავშირებით, თუმცა კოვიდპანდემიის გამო პროცესი გაჭიანურდა და პრემიერა დღეს შედგება.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, სულ უნდა ვსწავლობდეთ. ილია ჭავჭავაძე როგორც ამბობდა, ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი საკუთარ ისტორიას ივიწყებს. ისტორია გვჭირდება, რათა წარსულს გავხედოთ და იქიდან ამოვიღოთ მაგალითები, თუნდაც ის განვლილი გზა, რომლითაც განვჭვრეტთ მომავალს. ცხადია, ფილმით ჩვენ ასეთი მაღალი პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ გვინდოდა, ერთი დიდი, გამორჩეული მოღვაწის შესახებ კიდევ ერთხელ გვესაუბრა.
ერეკლე მეორე მთელი საქართველოს მეფეა, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ფილმის პრეზენტაცია სწორედ თელავში იმართება. გვინდოდა, პრემიერა სწორედ იქ გამართულიყო, სადაც ერეკლე მეორე დაიბადა და გარდაიცვალა. ერეკლე თელავთან კიდევ უფრო განსაკუთრებით არის დაკავშირებული, როგორც ჩვენ ვართ დაკავშირებული ჩვენს ბავშვობასთან.
ერეკლეს პერიოდი ძალიან ღრმად საფიქრალი თემაა და ბევრ რამეზე გაგვცემს პასუხს სამომავლოდაც. ეს არის ის გეოპოლიტიკური მორევი, რომელშიც იყო მოქცეული საქართველო და ეს არის ისტორია, როგორ იბრძოდნენ თავად ერეკლეც და სხვებიც ამ მორევისგან პატარა საქართველოს გადასარჩენად“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, ფილმის ლაიტმოტივია იმ საერთაშორისო კონტექსტის გააზრება, რომელშიც ერეკლე მეორეს უწევდა მოღვაწეობა.
„ხშირად არის გამარტივებული თხრობა, თითქოს მეფე ერეკლეს უამრავი არჩევანი ჰქონდა. ეს იყო უამრავი ფაქტორისა და ზემოქმედების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილებები. ფილმში სწორედ ამ კონტექსტზეა გამახვილებული ყურადღება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი სხვა დოკუმენტური ფილმებისგან. მაყურებელს ვთავაზობთ, რა ხდებოდა ჩვენ გარშემო, რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში, რადგან ხშირია დამოკიდებულება, თითქოს მხოლოდ ჩვენთან ხდებოდა რაღაც და გარე ფაქტორები ამაზე არ ზემოქმედებდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას ვცდილობთ, რომ მაყურებელმა გაიაზროს, რა ხდებოდა ჩვენ ირგვლივ და რისი გათვალისწინება უწევდა მეფე ერეკლეს“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
ფილმის რეჟისორის, ჯაბა მელქაძის განცხადებით, გარდა შინაარსისა, შემოქმედებითი ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფორმა, რაც ფილმის ავტორს, ვასილ მაღლაფერიძეს თავიდანვე იდეად გააჩნდა.
„ფილმში არ არის ასახული მხოლოდ ერეკლეს ცხოვრება, მხოლოდ მე-18 საუკუნე, დიდი ისტორიაა მოთხრობილი, რომ ამ ინფორმაციით მივიდეთ ერეკლეს ისტორიამდე და პერიოდამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ფორმა, რომ ეს დიდი ისტორია ჩაგვეტია ამ ფილმში. ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო და, მგონია, მაყურებელსაც ძალიან მოეწონება“, – განაცხადა ჯაბა მელქაძემ.
ფილმის სატელევიზიო პრემიერა საქართველოს პირველ არხზე 18-19 თებერვალს, 22:00 საათზე გაიმართება.